ოპოზიცია ექსტრემიზმშია გადასული - წილოსანი

© courtesy of Nino Tsilosaniნინო წილოსანი
ნინო წილოსანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2024
გამოწერა
წილოსანის თქმით, ოპოზიცია საკუთარ ხალხს ებრძვის.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიცია ექსტრემიზმშია გადასული და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ნინო წილოსანმა.
შაბათს საღამოს, რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მოქალაქეების რიგით მეათე აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები აპროტესტებენ 2028 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე.
„რადიკალური ოპოზიცია უკვე ექსტრემიზმშია გადასული. ექსტრემიზმია, როდესაც შენი ამომრჩეველი გაძლევს ხმას და ამის შესაბამისად არ შედიხარ პარლამენტში. ექსტრემიზმია, რომ ვერ მოიგე არჩევნები, გადიხარ ქუჩაში და აწყობ აი იმ რაღაც ცეცხლოვან ომებს, რომლებიც ჩვენ დავინახეთ. ექსტრემიზმია, როდესაც შენ ამ მავნებლურ გეგმებში იყენებ ახალგაზრდებს და ფარად გყავს ამოყენებული ბავშვები და ახალგაზრდები“, - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ ხალხს ებრძვის.
„სამწუხაროა, როდესაც რადიკალური და ექსტრემისტული ოპოზიციის მდგომარეობა ისეთ მოცემულობამდე მივიდა, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ უკიდურესად მდაბიო და უკიდურესად მავნებლური ფორმებით იბრძვიან“, - განაცხადა წილოსანმა.
საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი, ასევე აქციის მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, დაზიანდა მერიისა და კერძო პირების ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულია 28 პირი: 9 პირი - პოლიციელზე თავდასხმისა და ქონების დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, 18 - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებისთვის, ხოლო 1 პირი აფეთქების მომზადებისთვის.
ცხრა მათგანს პროკურატურამ ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე აფეთქების მოწყობაში წაუყენა. რვა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
2028 წლისთვის საქართველო ექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0