მმართველმა პარტიამ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა

© photo: Sputnikწინასაარჩევნო აგიტაცია
წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2024
გამოწერა
კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 8 დეკემბერს იწურება
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა.
ყაველაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კოლეგიის 81-მა წევრმა წარადგინა.
დღეს ის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია საქართველოში. რამდენიმე ოპოზიციური პარტია უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. დათანხმდებიან თუ არა ისინი საპრეზიდენტო არჩევნებზე დასწრებას, ამ დროისთვის უცნობია.
კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 8 დეკემბერს იწურება. პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს კოლეგიის სულ მცირე 30 წევრს.
პრეზიდენტის არჩევნები
საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება - მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი), აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის 109 წარმომადგენელი.
ცესკოს დადგენილებით, თვითმმართველობის 109 წარმომადგენლიდან 55 - რვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 54 - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელია.
საარჩევნო კოლეგიის პარტიული შემადგენლობა, გარდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებისა, ასეთია:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 156 წევრი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 56 წევრი
„საქართველოსთვის" - 23 წევრი
„კოალიცია ცვლილებისთვის“ („ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“) – 20
„ძლიერი საქართველო“ („ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“, „თავისუფლების მოედანი“, „მოქალაქეები“) – 19
„ევროპული საქართველო“ - 2
„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 1
„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ -1
„გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1
არჩევნების პროცედურა
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაციის ცერემონია კი 29 დეკემბერს, რა დროსაც ზურაბიშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება. პრეზიდენტი ირჩევა ხუთი წლის ვადით.
პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია 8 დეკემბერს დასრულდება.
რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) გაიმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში 09:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხდება, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე წარადგინა - იგი პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.
რაც შეეხება ოპოზიციას, რიგი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე. ამ დროისთვის უცნობია დათანხმდებიან თუ არა ისინი დაესწრონ პრეზიდენტის არჩევის პროცედურას.
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე, 40 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში არანაკლებ 15 წელი.
საქართველოს პრეზიდენტს არა აქვს უფლება ეკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, მიიღოს ხელფასი ან სხვა მუდმივი ანაზღაურება სხვა რაიმე საქმიანობისგან.
საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.
ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი?
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.
ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივნისს. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო.
1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში.
2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა" შემდეგ კ ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს.
ყველა ახალი ამბავი
0