ქართულმა პარტიამ პროტესტი გამოთქვა უკრაინის სანქციების გამო

© photo: Sputnik / Stringerმამუკა ფიფია
მამუკა ფიფია - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2024
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გამოხატავს სინანულს და პროტესტს უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
უკრაინამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 19 წევრს, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, ასევე მათ მხარდამჭერებს, სანქციები დაუწესა. შესაბამის განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა.
„მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი, გარდა უსამართლო გადაწყვეტილებისა, არის ასევე საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართ უმადურობის უმაღლესი ხარისხი“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის პირველივე დღეებიდან საქართველო შეძლებისდაგვარად უჭერდა მხარს უკრაინელ ხალხს, ხოლო ათ ობით ათასმა უკრაინელმა თავშესაფარი სწორედ საქართველოში იპოვა.
„საოცარია, რომ პრეზიდენტი, რომელმაც ომი გააჩაღა და უკრაინა დაშლის საფრთხის წინაშე დააყენა, თავისი დასავლელი კურატორების წაქეზებით, კიდევ ერთხელ ნახულობს დროს, რომ კიდევ ერთხელ შეურაცხგვყოს ეჭვქვეშ დააყენოს ჩვენი ხალხების მეგობრული ურთიერთობები. ბოლო ორწლინახევრის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც განვაგრძობდით უკრაინიდან ლტოლვილების მხარდაჭერას“, – წერია დოკუმენტში.
პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ იმედს გამოთქვამს, რომ „ზელენსკისა და მისი მთავრობის დაუფიქრებელი და პროვოკაციული ქმედებები“ გავლენას არ მოახდენს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე.

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები

2020 წელს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის გამო, საქართველო-უკრაინის ისედაც დაძაბული ურთიერთობები უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ მეტად გაუარესდა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა უკრაინაში მოხალისე მებრძოლების ორგანიზებულად გაგზავნაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე, 2022 წლის მარტში პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია. 2022 წლის ივნისში დოლგოვი საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის ივლისში, ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილს კიევის დატოვება უბრძანა 48 საათის განმავლობაში. ამის მიზეზად მსჯავრდებულ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა დასახელდა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ძმას – ალექსანდრე ივანიშვილს, მის მეუღლე ქეთევან ხარაიძეს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილს, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილსა და მის ვაჟს, ტიტე მამაცაშვილს; ასევე ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ქვეყნის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ არაერთხელ გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო და მეტიც, ქვეყანა რუსეთისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
საქართველოს მმართველმა პარტიამ ამის პასუხად განაცხადა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდნენ, რათა საკუთარი მდგომარეობა შეემსუბუქებინათ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც იგივეს ცდილობენ საქართველოში.
ყველა ახალი ამბავი
0