არავინ აღარ ელოდება საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას - პრეზიდენტი

© Courtesy of Salome Zourabichviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2024
გამოწერა
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ერთადერთი დემოკრატიული, მშვიდობიანი, პოლიტიკური გზა - ახალი არჩევნების დანიშვნაა.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნების გაყალბება უკვე დადასტურებულია და არ არის საჭირო ველოდოთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საბოლოო დასკვნას, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და 150-დან 89 საპარლამენტო მანდატი მიიღო. ოთხივე ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ, საქართველოს პრეზიდენტმა და მათ მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადეს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს.
„არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ, პოლიტიკური ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, კრიზისია. გვინდა, არ გვინდა, კრიზისია. ეუთო/ოდირი დამთავრებულია, უკვე არის კრიზისი, არავინ აღარ ელოდება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ერთადერთი დემოკრატიული, მშვიდობიანი, პოლიტიკური გზა - ახალი არჩევნების დანიშვნაა.
„კრიზისი არ ელოდება არაფერს, კრიზისი არის ჩვენს ქუჩებში. არჩევნები მორჩა, არჩევნების გაყალბება უკვე დადასტურდა ქვეყანაში, ეს არის პრობლემა. ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, მე კი არ ვარ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ეუთო/ოდირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპარლამენტის ერთობლივი მისიის დასკვნის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პროცედურა კარგად იყო ორგანიზებული, იყო დიდი არჩევანი ვისთვის მიეცათ ხმა და ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი, მაგრამ ამასთან იყო დისბალანსი პარტიების დაფინანსებაში, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და ამომრჩეველთა დაშინების მრავალი შემთხვევა.
როგორც ადრე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, ევროკავშირი საქართველოში ტექნიკურ მისიას გაგზავნის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევების შესასწავლად, ვინაიდან საქართველოში არჩევნების შედეგებმა ევროპაში დიდი შეშფოთება გამოიწვია. მისი თქმით, სიტუაციის ადგილზე შესწავლა, ანალიზია საჭირო და ეს ტექნიკური მისიის ამოცანაა.
მისი თქმით, ევროკავშირი საქმეში ჩართავს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან დარღვევების შესახებ საკუთარი შეფასებები წარადგინოს. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს და ყველა გარემოებას ნათელი უნდა მოეფინოს.
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი განაცხადა ბარიერგადალახულმა ყველა ოპოზიციურმა ძალამ - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიების და ასევე ახალი არჩევნების ჩატარება.
მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში 89 ადგილი მოიპოვა, რამაც მას საშუალება მისცა ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ეღიარებინა 150-ვე არჩეული დეპუტატის უფლებამოსილება, ასევე აერჩია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და კომიტეტების თავმჯდომარეები.
არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტში ოპოზიციის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მისი ყველა გადაწყვეტილებაც არალეგიტიმური იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0