უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები დააწესა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის დროშა
უკრაინის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2024
გამოწერა
ზელენსკის თქმით, აღნიშნული სანქციები დაუწესდა ხელისუფლების იმ ნაწილის, რომელიც ვაჭრობს საქართველოს ინტერესებით.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. უკრაინამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების" 19 წევრის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის და პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.
შესაბამის ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა. მისი თქმით, აღნიშნული სანქციები დაუწესდა ხელისუფლების იმ ნაწილის, რომელიც ვაჭრობს საქართველოს ინტერესებით.
„ახლახან ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ძალაში შევა ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების შესახებ... ჩვენ მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას, მსოფლიოში ყველას, იმოქმედოს ანალოგიურად, იმოქმედოს პრინციპულად“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
დოკუმენტში საუბარია პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების შემოღებაზე. უკრაინის მიერ დასანქცირებულთა სიაში მოხვდა :
1.
ბიძინა ივანიშვილი - მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი, საპატიო თავმჯდომარე
2.
ირაკლი კობახიძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი
3.
გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
4.
კახა კალაძე - თბილისი მერი, „ქართული ოცნების" გენმდივანი
5.
მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
6.
მამუკა მდინარაძე - პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი
7.
ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
8.
ოთარ ფარცხალაძე - ბიზნესმენი, ყოფილი გენპროკურორი
9.
ირაკლი რუხაძე - ტელეკომპანია „იმედის" მფლობელი
10.
ლევან მურუსიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
11.
ვიქტორ ჯაფარიძე - პარტია „ხალხის ძალის" წევრი, პარლამენტის დეპუტატი
12.
დიმიტრი სამხარაძე - პარლამენტის დეპუტატი
13.
გიორგი ხაინდრავა - კინორეჟისორი
14.
გიორგი კობახიძე - პოლიტიკოსი, პრემიერ ირაკლი კობახიძის მამა
15.
ზვიად შალამბერიძე - პარლამენტის დეპუტატი
16.
შალვა თადუმაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
17.
თეა წულუკიანი - კულტურის ექს-მინისტრი, პარლამენტის დეპუტატი
18.
ირაკლი ქარსელაძე - ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი
19.
კახა ბექაური - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები
2020 წელს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო.
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, შემდეგ კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა. საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულად ალექსანდრ შულგა დანიშნეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის 3 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში თბილისთან კონსულტაციებისთვის. მან განაცხადა: „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და დათანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას".

ყველა ახალი ამბავი
0