ოხანაშვილი:სტრასბურგის სასამართლომ მართლმსაჯულების დისკრედიტაციის კამპანიას წერტილი დაუსვა

© photo: Sputnik / Владимир Федоренко / გადასვლა მედიაბანკშისტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2024
გამოწერა
დავით კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 2006-2008 წლებში ეკავა.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს წინააღმდეგ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით წერტილი დაუსვა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაციის კამპანიას, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე.
სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია დასაბუთებულად უზენაესი სასამართლოს განაჩენი, რომელმაც კეზერაშვილი დაუსწრებლად დამნაშვედ ცნო 5 მილიონზე მეტი ევროს გაფლანგვაში და აღნინა, რომ მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ამასთან, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ექს-მინისტრის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
„თქვენ გახსოვთ, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა ქართული მართლმსაჯულების სისტემის დისკრედიტაცია... იყო პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი და ამ კამპანიას სტრასბურგმა წერტილი დაუსვა", - განაცხადა ოხანაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა სპეკულაციები თითქოს კეზერაშვილის სასამართლო პროცესი იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რითაც მისი უფლებები დაირღვა.
2021 წლის 7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად 10 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა.
„სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე, გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი დიდი ოდენობის თანხა, კერძოდ, 5 მლნ 60 ათასი ევრო, რაც დღევანდელი კურსით შეადგენს დაახლოებით 15 მლნ ლარს", - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კეზერაშვილის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნას ადგილი არ ჰქონია და რომ უზენაესი სასამართლოს განაჩენი იყო დასაბუთებული.
„კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს 2008 წლის აგვისტოს ომამდე მცირე ხნით ადრე კანონმდებლობის დარღვევით, ერთ დღეში გააფორმა ფიქციური ხელშეკრულება „ოფშორში“ დარეგისტრირებულ კომპანიასთან, ქართული ჯარის საბრძოლო წვრთნის თაობაზე. მეტიც, აღნიშნული ხელშეკრულება გაფორმდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის გვერდის ავლით", - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, სინამდვილეში ქართული ჯარის არავითარი წვრთნა არ ჩატარებულა და შედეგად, მიზანმიმართულად გაიფლანგა ქართული ჯარისთვის კუთვნილი თანხა.
„ქართული ჯარის გაძარცვით გამდიდრებული კეზერაშვილი სტრასბურგის სასამართლოში დამატებით ითხოვდა სახელმწიფოსგან 15 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა", - განაცხადა ოხანაშვილმა.
ამასთან, მინისტრმა დასძინა, რომ ხელისუფლება დაელოდება, როგორი რეაგირება ექნებათ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ევროპელ პოლიტიკოსებს, მათ შორის ევროპარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც კეზერაშვილს მხარდამჭერ რეზოლუციებს ადგენდნენ და მას მედიამენეჯერად მოიხსენიებდნენ.
ოხანაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ელოდება კეზერაშვილის მიერ საქართველოში დაფუძნებული ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" წარმომადგენლების რეაქციას, რომლებიც, მისი თქმით, ყოფილი მინისტრის საქმის გამო აქტიურ კამპანიას აწარმოებდნენ ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ.
მან იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
რაც შეეხება კეზერაშვილის სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევად ცნობას, ევროსასამართლომ ეს იმით ახსნა, რომ უზენაესი სასამართლოს სასამართლო კოლეგიაში შეყვანილი იყო შალვა თადუმაძე, რომელიც ექს-მინისტრის საქმეზე აპელაციის განხილვისას იყო საქართველოს პროკურორი.
დავით კეზერაშვილს თავდაცვის მინისტრის პოსტი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში 2006-2008 წლებში ეკავა. ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების (2012 წელი) შემდეგ მან საქართველო დატოვა. მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, თუმცა 2015 წელს ინტერპოლმა კეზერაშვილი ძებნილთა სიიდან ამოიღო.
კეზერაშვილი ისრაელის მოქალაქეა.
მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
ყველა ახალი ამბავი
0