ლარის კურსის მერყეობა მოკლევადიანია - ეროვნული ბანკი

© photo: Sputnik / Stringerდოლარები და ლარები
დოლარები და ლარები - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2024
გამოწერა
პროტესტის ფონზე ლარი ექვს დღეში 4,8%-ით გაუფასურდა
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ლარის კურსის მერყეობა სრულად განპირობებულია მიმდინარე პროცესებით, პერსპექტივაში კი სავალუტო ბაზარი სტაბილურობას შეინარჩუნებს, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ეროვნული ვალუტა ექვს დღეში 4,8%-ით გაუფასურდა. ჯერ კიდევ 28 ნოემბერს, ქუჩის პროტესტის დაწყების დღეს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით იყო 2,7422 GEL/$1, ხოლო 4 დეკემბერს - 2,8746 ლარამდე დაეცა.
„ლარის მერყეობა სრულად განპირობებულია მიმდინარე პროცესებით. სხვა მხრივ, შემოდინებები მდგრადია და ჯანსაღი ფუნდამენტური ფაქტორები უზრუნველყოფს, რომ სავალუტო ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნდეს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
მარეგულირებელმა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით რამდენიმე სავალუტო აუქციონი გამართა. ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, რეზერვები 85,7 მლნ დოლარით შეავსო. ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502,2 მლნ დოლარია.
როგორც რეგულატორმა აღნიშნა, გაგრძელდება რეზერვების შევსების პროცესი სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამას შესაძლებელს გახდის.
2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით საერთაშორისო რეზერვებმა, წინასწარი მონაცემებით, 4,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი დონეა 2022 წლის ივნისის შემდეგ. ოქტომბერში რეზერვები 627,5 მლნ დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს, მათ შორის აუქციონებზე 382,1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება.
ეროვნული ბანკი რეზერვებს ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ხარჯავს.
მარეგულირებელმა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით რამდენიმე სავალუტო აუქციონი გამართა.
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.
2023 წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი აზიანებს ინფრასტრუქტურას, ესვრის ძალოვანებს ქვებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
ყველა ახალი ამბავი
0