კალაძე: საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით მოხდა სამთავრობო უწყებების ჩამოშლის მცდელობა

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2024
გამოწერა
საბოტაჟის მცდელობა უპასუხოდ არ დარჩება, მაგრამ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, ხაზგასმით აღნიშნა თბილისის მერმა
თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ საბოტაჟი უწოდა მერიის თანამშრომლებს შორის პროტესტის ტალღას, რომელიც მოჰყვა ხელისუფლების გადაწყვეტილებას 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
ხელისუფლებამ არაერთხელ განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას და ისინი გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, ვინაიდან ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა ამაზეა დამოკიდებული. მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, ხელისუფლების განცხადებით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებს.
„ამ დღეებში ვიხილეთ, რომ ადგილი ჰქონდა მცდელობას სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის, საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით, რაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო. ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი პეტიციები, რომელიც გავრცელდა“, - განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
პეტიციაში ნათქვამია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას 2028 წლამდე შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყონ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.
მისი თქმით, ერთ-ერთ პეტიციას მერიის 229 თანამშრომელი აწერს ხელს.
„მუნიციპალიტეტში გვყავს 32 ათასამდე თანამშრომელი. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნად ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ამ ქალაქს და მასში მცხოვრებ ადამიანებს“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ საბოტაჟის მცდელობა რეაგირების გარეშე არ დარჩება.
„ეს საბოტაჟის მცდელობა, რომელიც იყო და ვნახეთ, არ დარჩება პასუხგაუცემელი, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. მერწმუნეთ, ასე იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
28 ნოემბრიდან, როდესაც პრემიერმა აღნიშნული გადაწყვეტილება გააჟღერა, ქვეყანაში პროტესტის ტალღა აგორდა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტშია და ისინი აგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ საქართველო 2028 წლის ბოლოსთვის ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მოემზადოს ევროკავშირში 2030 წელს გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი გადაწყვეტს გახსნას მოლაპარაკებები, ის მზადაა ნებისმიერ დროს მოაწეროს ხელი შესაბამის დოკუმენტს.
არც წამყვანი ოპოზიციური ძალების ლიდერები, არც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები, არც ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და არც აშშ საელჩო არ ეთანხმებიან ქვეყნის ხელმძღვანელობის არგუმენტებს. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარი განაცხადა.
პრეზიდენტი და ოპოზიცია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას უწოდებს საბოლოო მტკიცებულებას იმისა, რომ მათ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალეს. ამავე დროს, ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს ახლა „არალეგიტიმური ხელისუფლება“ მართავს, რადგან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
საპროტესტო აქციები პერმანენტულად სხვადასხვა ქალაქში იმართება, თუმცა თბილისში პროტესტის ტალღამ სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. ყოველ საღამოს პარლამენტთან იწყება არეულობა, ძალოვანების მიერ მომიტინგეთა განდევნის შემდეგ კი ეს არეულობა გრძელდება მიმდებარედ, რუსთაველის გამზირზე.
ყოველ საღამოს პარლამენტთან იკრიბება ასობით ადამიანი, მათი ნაწილი წინა დღეებში აზიანებდა ინფრასტრუქტურას, ესროდა ძალოვანებს ქვებს, ბოთლებს, პიროტექნიკას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, პოლიცია კი იყენებდა წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და „წიწაკის სპრეის“.
29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, პროტესტის შედეგად სამედიცინო დაწესებულებებში 162 დაშავებული გადაიყვანეს, განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე მძიმედ დაშავდა უწყების 143 თანამშრომელი.
ამ დროისთვის დაკავებულია 300-მდე ადამიანი, აქედან მხოლოდ ექვსი პირი იყო დაკავებული სისხლის სამართლის დანაშაულისთვის, დანარჩენი კი ადმინისტრაციული წესით - პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0