მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თითოეულ სიტყვას: საპატრიარქო პრეზიდენტს მიმართავს

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2024
გამოწერა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ დროა, აქციების მიმართ სოლიდარობა სკოლებმაც გამოხატონ.
თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა განცხადება, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“.
საპატრიარქომ სალომე ზურაბიშვილის აღნიშნულ განცხადებას სამწუხარო და შემაშფოთებელი უწოდა.
„ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საპროტესტო აქციებზე. ასეთ პირობებში სკოლის მოსწავლეთა და, საერთოდ, არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული ყოველგვარი განცხადება, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული, რომელიც, წესით, თავად უნდა ცდილობდეს ხალხში არსებული პოლარიზაციისა და სიძულვილის განეიტრალებას, რათა მიმდინარე მოვლენებისგან მომავალი თაობის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგეს, არის უაღრესად შემაშფოთებელი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობენ უცხო ადამიანები სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ წასვლას და შედიან სკოლებში, არღვევენ სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს მიმართავენ მოწოდებებით გამოხატონ პროტესტი.
საპატრიარქომ სიცრუე უწოდა ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლაში სწავლა შეწყვეტილია - სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივად, ნათქვამია განცხადებაში.
„მიმდინარე პროცესებში არასრულწლოვანთა ჩართვა პოლიტიკური აქტორების ან არასრულწლოვანთა მშობლების მხრიდან დანაშაულად მიმაჩნია. ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ბოლო დღეებში ხდება. გთხოვთ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს, პოლიტიკურ დაპირისპირებას სკოლაში ნუ გადმოიტანთ", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორ მამუკა თედიაშვილის განცხადებაში.
საპატრიარქო ასევე ეხმაურება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა რუსტაველის გამზირზე მობილიზებული სამართალდამცველები ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან.
„ასევე პასუხისმგებლობას მოკლებულია სამართალდამცავების დისკრედიტაციისა და პოლარიზაციის გამომწვევი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან. სასულიერი პირები ქაშვეთის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ ღამე მორიგეობენ და მსგავსი ფაქტები არასდროს დაუფიქსირებიათ", - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტის მოწოდების პასუხად, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ განაცხადა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება აბსოლუტურად მიუღებელია - სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს.
საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების, ასევე უნივერსიტეტების ნაწილმა სოლიდარობა გამოუცხადა ქვეყანაში მიმდინარე აქციის მონაწილეებს და სასწავლო პროცესი შეაჩერა. ღამის საპროტესტო აქციებზე სულ უფრო ხშირად ჩანან ბავშვები და მოზარდები. ამასთან, შსს-მ მშობლებს მოუწოდა მოარიდონ ძალადობრივ გარემოს არასრულწლოვნები, რადგანაც ბოლო დღეებში პარლამენტთან საპროტესტო აქციები გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
შსს-ს მონაცემებით, თბილისში აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.
ყველა ახალი ამბავი
0