რატომ არ განიხილა საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ სარჩელი

© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2024
გამოწერა
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის 30 წარმომადგენლის სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდებოდა, წარმოებაში არ მიიღო, რაც არასაკმარისად წარმოდგენილი არგუმენტებით ახსნა.
კერძოდ, მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობა.
ბრალდება ძირითადად ორი კონსტიტუციური პრინციპის - საყოველთაო და ფარული საარჩევნო უფლების დარღვევას ეხება. სარჩელებში ასევე გასაჩივრებულია საარჩევნო კოდექსის ნორმა, რომელიც ახალარჩეული დეპუტატების რეგისტრაციის შესაძლებლობას იძლევა მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს.
ოპოზიცია და პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ცდილობდნენ მიეღწიათ საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობისთვის, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება შეინარჩუნა და ახალი არჩევნების ჩატარებისთვის.
პრეზიდენტის სარჩელში ასევე საუბარი იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზეც, რომელიც საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა.
სარჩელები და სასამართლოს არგუმენტები
საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპის დარღვევა
იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად უქმნიდა სირთულეებს საზღვარგარეთ მყოფ ქართულ დიასპორას, პრეზიდენტმა საუბარი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო.
რაც შეეხება სარჩელებს, მათი ავტორები სხვა საკითხებთან ერთად, არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 26 სექტემბრის ბრძანებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების მხოლოდ ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებში გახსნის შესახებ.
არც ერთ ნორმატიულ აქტში არ წერია, რომ საარჩევნო უბნები მხოლოდ დიპწარმომადგენლობებში უნდა გაიხსნას, ნათქვამია სარჩელში.
მოსარჩელეებმა დისკრიმინაცია უწოდეს იმას, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწიათ მრავალი კილომეტრის გავლა საარჩევნო უბნებამდე მისასვლელად, მაშინ როცა საქართველოში ამომრჩეველმა ხმა მისცა სახლთან ახლოს გახსნის საარჩევნო უბანზე.
მოსარჩელეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისთვის. საარჩევნო კოდექსში მკაფიოდ ნათქვამია, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იხსნება არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის. და ეს, როგორც სარჩელშია აღნიშნული, ცესკოს ვალდებულებაა და არა მისი დისკრეციული უფლება.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საზღვარგარეთ დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 2/3-მა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. ამასთან, იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც შეყვანილი არიან ამომრჩეველთა სიაში და ვერ მოახერხეს არჩევნებში მონაწილეობა, შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3%-ს.
ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელის მიხედვით, არჩევნების დღეს საზღვარგარეთ საქართველოს 270 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა და მათმა უმრავლესობამ ხმის მიცემა ვერ შეძლო.
მოსარჩელეების აზრით, ყოველივე ამან, ფარული კენჭისყრის პრინციპის დარღვევასთან ერთად, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო (სულ 3 508 294), საიდანაც საზღვარგარეთ ხმა მისცა 34 574-მა საქართველოს მოქალაქემ (სულ 95 910 მოქალაქე იყო რეგისტრირებული) - 42 ქვეყანაში 60 უბანი იყო გახსნილი.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე და არ ჰქონდათ რეგისტრაცია, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, საკონსულო დაწესებულებაში ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის უნდა გაევლოთ.
არჩევნებში მონაწილეობისთვის გარკვეული ბარიერების დადგენა, მათ შორის საარჩევნო უბნის კონკრეტულ ადგილას არგახსნა, თავისთავად არ მიუთითებს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე, ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
„საზღვარგარეთ, ამა თუ იმ მოქალაქეთა ფაქტობრივ საცხოვრებელთან ახლოს, არასათანადოდ ორგანიზებული უბნის ფორმალურად გახსნა ვერ იქნება კონსტიტუციით დაცული საარჩევნო უფლების მოთხოვნა", - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
ხმის მიცემის უფლების დარღვევა, შესაძლოა, სახეზე იყოს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ სახელმწიფოს „გონივრული რესურსების" გაწევის პირობებში, ჰქონდა შესაძლებლობა სათანადოდ ორგანიზების პირობებში საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბანი გაეხსნა და მან ეს არ განახორციელა.
„სწორედ ხსენებული გარემოება უნდა ყოფილიყო სათანადოდ დასაბუთებული კონსტიტუციურ სარჩელში", - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნა და არჩევნების სათანადო ორგანიზება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ტექნიკურ და, რაც მთავარია, ადამიანურ რესურსებთან. ადამიანური რესურსების მობილიზება უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ სახელმწიფომ, არამედ პოლიტიკურმა პარტიებმაც.
„შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო სარჩელში დაესაბუთებინა, რომ უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის არმქონე დასახლებებში, სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს მსგავსი რესურსის მობილიზების გონივრული შესაძლებლობა გააჩნიათ", - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ასევე მოსარჩელეთა პრეტენზიები საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.
„ბუნებრივია, შეუძლებელია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობა იმ ხარისხით, როგორც ეს საქართველოშია. უფრო მეტიც, საზღვარგარეთ 3 ათასი უბანიც რომ გაიხსნას, მოქალაქეებისათვის უბნამდე მისასვლელი საშუალო მანძილი მაინც ორასჯერ მეტი იქნება, ვიდრე ეს საქართველოშია“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
ყველა ახალი ამბავი
0