აქციის მონაწილეები სპეცრაზმის წინააღმდეგ კვლავ პიროტექნიკას იყენებს

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2024
გამოწერა
თბილისის მთავარ გამზირზე მეექვსე დღეა საპროტესტო აქცია იმართება
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის მთავარ შესასვლელთან მობილიზებულ სპეცრაზმს წინა დღეების მსგავსად, კვლავ თავს ესხმიან -- დემონსტრანტები მათი მისამართით ისვრიან ქვებს, სხვადასხვა ნივთებს, ასევე პიროტექნიკას.
აქციის მონაწილეების გააქტიურებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ძალოვანებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები აგრძელებენ პიროტექნიკის გამოყენებას, მინის ბოთლებისა და ქვების სროლას.
გარდა ამისა, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მოწოდების მიუხედავად, აქციაზე, რომელიც ყოველდღიურად არეულობაში გადაიზრდება, არ გამოიყვანონ ბავშვები, ისინი სულ უფრო ხშირად ჩანან ყველაზე აქტიურ დემონსტრანტებს შორის.
თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, მეექვსე დღეა არ ცხრება.
ყოველ საღამოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იკრიბება, რომელთა ნაწილიც აზიანებს ინფრასტრუქტურას, ძალოვანების მისამართით ისვრის პიროტექნიკას. პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული აგრესიული ადამიანების ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების ნიადაგის შესაქმნელად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება ხელისუფლებამ იმით ახსნა, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ბიუროკრატი ამ საკითხს შანტაჟის იარაღად იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერებას, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ოპოზიციამ განგაში ატეხეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა პროდასავლური კურსის ცვლილება რუსეთის სასარგებლოდ.
ყველა ახალი ამბავი
0