აშშ-ის სახდეპარტამენტი შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით

© photo: Sputnik / Artur Gabdrakhmanov / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის სახდეპარტამენტი
აშშ-ის სახდეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2024
გამოწერა
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები,
თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლება დგას ქართველი ხალხის მხარეს და შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, რომლებიც ქვეყანას აშორებს ევროინტეგრაციის გზას, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა.
თბილისის ცენტრში საპროტესტო ტალღა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას მოჰყვა, არ ცხრება. ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

„ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ შეშფოთებულები ვართ იმ ნაბიჯებით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გადადგა და რომლებიც აშორებს საქართველოს ევროპასთან უფრო მეტად ინტეგრაციისგან, რასაც, ვიცით, რომ ქართველი ხალხი უჭერს მხარს“, – განაცხადა მილერმა.

მისი თქმით, აშშ ქართველი ხალხის მხარეს დგას.
რაც შეეხება მმართველი პარტია „ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების მიმართ სანქციებს, მილერმა განაცხადა, რომ აშშ მსგავს საკითხს ტრიბუნიდან არ აანონსებს.
„როგორც კი გვაქვს სანქციების შესახებ სათქმელი, ამის შესახებ ვამბობთ ხოლმე", - განაცხადა მილერმა.
გარდა ამისა, მან მორიგ ჯერზე ჩამოთვალა ზომები, რომლებიც ვაშინგტონმა საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ უკვე გადადგა.
„თქვენ უკვე ნახეთ, რომ ჩვენ დავაწესეთ სანქციები საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიმართ. ნახეთ, რომ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები და სხვა ქმედებებიც, მათ შორის, მთავრობას 95 მილიონი დოლარის გამოყოფა შევუჩერეთ", – განაცხადა მილერმა.
30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი ძირითადი პრინციპები დაარღვია. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას 2009 წელს მოეწერა ხელი.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის ერთგულებაზე, აგრეთვე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევაზე.
საქართველო და აშშ
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები შესაძლოა თავიდან ბოლომდე გადატვირთოს 2025 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0