ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა

© photo: Sputnik / Alexei Danichev / გადასვლა მედიაბანკშიპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2024
გამოწერა
თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ჩეხეთში საქართველოს ელჩმა თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ ინფორმაცია მაისურაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მანამდე ელჩის თანამდებობები დატოვა აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა დავით სოლომონიამ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილმა და იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ვეკუამ.
„ჩეხეთში საქართველო ელჩის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დავწერე. ჩემთვის დიდი პატივია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის მსახურობა, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული ვრჩები!“, - დაწერა მაისურაძემ.
დიპლომატების ამ ნაბიჯს წინ უსწრებდა მმართველ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მთავრობის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე თბილისსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ყოველდღიურად მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, რომელიც მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ.
შსს-ის ინფორმაციით, აქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ, ძირითადად, სამართალდამცველთა ბრძანებების დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
ყველა ახალი ამბავი
0