საეკლესიო კალენდარი: 2 დეკემბერი
© courtesy of Giorgi Gamtenadzeგიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
© courtesy of Giorgi Gamtenadze
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 დეკემბერს ილარიონ ქართველის, წინასწარმეტყველ აბდიას, მოწამე ვარლაამის და იოსაფის და მისი მამის აბენერის, მოწამე აზას და 150 მხედრის, მოწამე ილიოდორესის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ღირსი ილარიონ ქართველი
ღირსი მამა ილარიონი კახელი აზნაურის შვილი იყო, დონაურთა გვარიდან. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი.
თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქ დაეყუდა. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში. ილარიონ ქართველის ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია კახეთის 3 ძეგლთან, ესენია ფერისცვალების ეკლესია დავითგარეჯის ლავრაში, ე. წ. ილარიონ ქართველის ფილიალი იმავე ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მონასტერი.
ილარიონ ქართველმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა. მოიარა პალესტინა (იერუსალიმი, თაბორი, გოლგოთა, ბეთლემი, იორდანიის უდაბნო, საბაწმინდის ლავრა), ბითინია (ოლიმპი), რომი ბიზანტია (კონსტანტინოპოლი, თესალონიკე), სადაც ეცნობოდა ქრისტიანულ სამყაროს კულტურის უდიდეს კერებს, ლიტერატურულ მიღწევებს, სამონასტრო ცხოვრების წესსა და რიგს. ილარიონ ქართველის სახელზე თხზულებების მთელი ციკლია შექმნილი — ცხოვრებები და საგალობლები, სადაც ილარიონ ქართველი წარმოგვიდგება როგორც მონასტერთა მაშენებელი, წინამძღვარი, კახეთში დედათა და მამათა მონასტრების წესის და კანონის დამდები. დაკრძალულია კონსტანტინოპოლის მახლობლად ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერში.
წინასწარმეტყველი აბდია
წმიდა წინასწარმეტყველი აბდია, ათორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი (ამ წინასწარმეტყველებს „მცირე“ მათი წიგნების მოცულობათა სიმცირის გამო ეწოდებათ), ქრისტეს შობამდე IX საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიქემის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარამიდან იყო და ისრაელის უსჯულო მეფის, აქაბის ეზოსმოძღვრად მსახურობდა. ამ დროს მთელი ისრაელი განუდგა უფალს და ბაალს წირავდა მსხვერპლს, აბდია კი აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთს მტკიცედ ერთგულებდა და ფარულად მსახურებდა. როცა აქაბის ცოლი, უსჯულო და გარყვნილი იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს დევნიდა, აბდია იფარებდა და საზრდელს აწვდიდა მათ. აქაბის მემკვიდრემ, მეფე ოქოზიამ სამი რაზმი გაგზავნა წმიდა წინასწარმეტყველ ელიას შესაპყრობად. მათგან ერთ-ერთს წმიდა აბდია წინამძღვრობდა. ელიას ლოცვით ორი რაზმი ზეციდან გარდამომხდარმა ცეცხლმა შთანთქა, აბდია და მისი მეომრები კი უფალმა შეიწყნარა. ამ დროიდან ნეტარმა დატოვა სამხედრო სამსახური და წინასწარმეტყველ ელიას შეუდგა. შემდგომში მან თავადაც მიიღო წინასწარმეტყველების ნიჭი. წმიდა აბდიას ღვთივსულიერი თხზულება - საწინასწარმეტყველო წიგნი მეოთხე ადგილზე დგას მცირე წინასწარმეტყველთა წიგნებს შორის. იგი შეიცავს წინასწარმეტყველებებს ახალი აღთქმის ეკლესიის შესახებ. წმიდა აბდია სამარიაშია დაკრძალული.
ღირსი ბარლაამ და იოდასაფი - ინდოეთის მეფის ძე და მამა მისი აბენესი
ბარლაამისა და იოასაფის ცხოვრება შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ძეგლია. თხზულება ქართულად IX საუკუნეში უთარგმნიათ არაბული ენიდან. იგი ჩვენამდე ორი - ვრცელი და მოკლე - რედაქციითაა მოღწეული.
X-XI საუკუნეთა მიჯნაზე, გიორგი მთაწმიდელის ცნობით, ექვთიმე მთაწმინდელს ქართული „ბალავარიანი“ ბერძნულად უთარგმნია. ბერძნულის გზით კი თხზულება დასავლეთ ევროპაში გავრცელდა.
ღირსი ბარლაამი (ბალაჰვარი) და იოასაფი (იოდასაფი) - ინდოეთის მეფის ძე და მამა მისი აბენესი. ინდოეთში წმიდა თომა მოციქულმა იქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება და დააარსა წმინდა ეკლესია, მაგრამ ქვეყანა მაინც ძირითადად წარმართული აზროვნების ტყვეობაში დარჩა. IV საუკუნეში ინდოეთს წარმართი მეფე აბენესი მართავდა. იგი დიდხანს იტანჯებოდა უშვილობით, მაგრამ ბოლოს ყოვლადსახიერმა უფალმა მემკვიდრე მიანიჭა. გახარებულმა აბენესმა ახალშობილ ყრმას იოასაფი (იოდასაფი) დაარქვა, კიდევ უფრო ადიდა წარმართული ღმერთები და ვარსკვლავთმრიცხველებს, ფილოსოფოსებსა და მისნებს მოუწოდა, „რათა აუწყონ, თუ რა წინა-უც ძესა მისსა“. შემოკრებილთაგან უბრძნესმა ხელმწიფეს აუწყა, რომ იოასაფი მამისთვის საძულველ ქრისტეს სჯულს მიიღებდა. ეს რომ ესმა, აბენესს სიხარული მწუხარებად გადაექცა, ბრძანა, სამ დღეში ყველა ქრისტიანს დაეტოვებინა მისი სამეფო.
თავისი ძისთვის ხელმწიფემ ააგო სასახლე, სადაც განკერძოებულად უნდა აღეზარდათ ისე, რომ მაცხოვრისა და მისი სწავლების შესახებ ერთი სიტყვაც არ გაეგონა. როცა იოასაფი წამოიზარდა, მამას სასახლიდან გასვლისა და ქვეყნის მოხილვის ნებართვა სთხოვა და აბენესმაც შეუსრულა გულისწადილი. მაშინ იოასაფმა შეიტყო, რომ არსებობს ტანჯვა, სნეულება, სიბერე და სიკვდილი და მტანჯველ ფიქრებს მიეცა.
ამ დროს შორეულ უდაბნოში მოღვაწეობდა ღვთივგაბრძნობილი ბერი ბარლაამი (ბალაჰვარი), რომელსაც უფალმა აუწყა, რომ ჭეშმარიტების არსზე ჩაფიქრებულ მეფისწულს სულიერი წინამძღვარი სჭირდებოდა. წმიდანმა დატოვა სამოღვაწეო ადგილი , შეაღწია იოასაფთან და ჯერ იგავებით, შემდეგ კი წმიდა სახარებიდან და სამოციქულოდან მოხმობილი ადგილებით ქრისტიანული სწავლება განუმარტა.
ამ დროს შორეულ უდაბნოში მოღვაწეობდა ღვთივგაბრძნობილი ბერი ბარლაამი (ბალაჰვარი), რომელსაც უფალმა აუწყა, რომ ჭეშმარიტების არსზე ჩაფიქრებულ მეფისწულს სულიერი წინამძღვარი სჭირდებოდა. წმიდანმა დატოვა სამოღვაწეო ადგილი , შეაღწია იოასაფთან და ჯერ იგავებით, შემდეგ კი წმიდა სახარებიდან და სამოციქულოდან მოხმობილი ადგილებით ქრისტიანული სწავლება განუმარტა.
როცა ძის გაქრისტიანება შეიტყო, აბენესი რისხვამ და მწუხარებამ შეიპყრო. მაშინ ერთ-ერთმა დიდებულმა მას აუწყა ჯადოსნის, ნაქორის შესახებ, რომელიც გარეგნულად ძლიერ ჰგავდა ბარლაამს და ურჩია, ის გამოეყენებინათ მეფის ძის წარმართობისკენ მისაბრუნებლად.
ქალაქში ნაქორი ჩაიყვანეს. ამის შემდეგ, აბენესის ბრძანებით, ქრისტიანები და წარმართები ერთმანეთს დაუპირისპირეს. კამათში ქრისტიანების მხრიდან იოასაფის გარდა, ბარლაამად საგონებელ ნაქორს უნდა მიეღო მონაწილეობა და თავი დამარცხებულად ეცნო. ღვთის განგებით, ქრისტიანულ სწავლებას გაცნობილმა ჯადოქარმა არა მარტო დაამარცხა წარმართები, არამედ წრფელი გულით ირწმუნა ქრისტე, შეინანა, მოინათლა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ.
მეფემ დიდებულთა რჩევით იოასაფი თავისი სახელმწიფოს ერთ ნახევარზე გაამეფა. ნეტარი ტახტზე ასვლის შემდეგ მან მამისგან ბოძებული ოქრო-ვერცხლი გლახაკებს დაურიგა, ააღორძინა დაქცეული ტაძრები, ახლებიც ააგო და ღვთისმსახურება კეთილად გამართა. აბენესმა იხილა „მოკლება სამეფოისა მისისა“ და იოასაფის სამეფოს საოცარი აყვავება და ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და მთელ ერს ნათელსცა.
გავიდა მცირე ხანი და დასნეულებული აბენესი მიიცვალა. მოსიყვარულე ძემ ურიცხვი მოწყალებაც გასცა მამის სულის მოსახსენებლად, შემდგომ კი ფარულად დატოვა სამეფო. თავის ნაცვლად მეფემ კეთილმსახური ბარაქია დაადგინა. ორი წლის ხიფათითა და განსაცდელებით სავსე მოგზაურობის შემდეგ მან მიაკვლია წმინდა ბარლაამს, რომელიც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა. უდაბნოში წმიდა ბალაამმა თავისი საუკუნოვანი სიცოცხლის შვიდი ათწლეული გაატარა. მოძღვრის დაკრძალვის შემდეგ იოდასაფმა თავისი მოძღვრის მღვიმეში განაგრძო მოღვაწეობა და ოცდათხუთმეტი წლის მეუდაბნოე ცხოვრების შემდეგ, სამოცი წლის ასაკში, მიიცვალა.
წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარი
წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარი ისავრიაში (მცირე აზია) ეწამნენ ქრიტიანობისთვის იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ზეობისას .
წმიდა მოწამე ილიოდორე
წმიდა მოწამე ილიოდორე ქალაქ მაგიდაში (პამფილია) ცხოვრობდა იმპერატორ ავრელიანეს (270-275) ზეობისას. ქალაქის თავმა, აეციმ სასტიკად აწამა იგი ქრისტეს აღსარებისათვის, ბოლოს კი თავი მოჰკვეთა (+დაახლ. 273).
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით