პრემიერი ეუთოს მისიის ხელმძღვანელის წერილზე: არჩევნები აღიარებულია, სპეკულაციები უსაფუძვლო

© Georgian Dreamირაკლი ბოჭორიშვილი და მაკა ბოჭორიშვილი
ირაკლი ბოჭორიშვილი და მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2024
გამოწერა
კობახიძემ გააჟღერა არჩევნებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ზოგიერთი შეფასება.
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილადმი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, პასკალ ალიზარდის წერილი მომავალი თანამშრომლობის შესახებ იმის დასტურია, რომ ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარებულია და ყველა სპეკულაცია ამ თემაზე უსაფუძვლოა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგების თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში „ქართულმა ოცნებამ" 89 ადგილი მოიპოვა. ბარიერგადალახულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს და უარი თქვეს ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების აღიარებაზე.
„განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ თავდასხმების (ეუთოზე ოპოზიციის მხრიდან - რედ.) ფონზე დღეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ბატონმა პასკალ ალიზარდმა მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შემდეგი შინაარსის წერილით - საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის შემდეგ მოგმართავთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციამ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისზე (ოდირი) შეტევა ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და არჩევნების შემდეგაც აგრძელებს.
„მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეუთო/ოდირმა, რომელიც არის მთავარი სადამკვირვებლო მისია, რომელიც აკვირდებოდა ჩვენს საპარლამენტო არჩევნებს, ეს არჩევნები შეაფასა, როგორც კონკურენტული", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან და ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ამ არჩევნების სათანადოდ შეფასება და აღიარება.
„ეს წერილი - არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არჩევნები აღიარებულია, არჩევნები ჩატარდა სათანადოდ და ყველა სპეკულაცია საფუძველს მოკლებულია", - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე გააჟღერა არჩევნებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ზოგიერთი შეფასება.
„ამ წერილში საუბარია იმაზე, რომ არჩევნებმა მოქალაქეებს ფართო არჩევანი შესთავაზა, არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება. კიდევ ერთხელ არის ხაზგასმა იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ პირობებში", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე გააჟღერა კრიტიკა, რომელიც იყო ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილში.
„გამოყენებულია ტერმინი „გარკვეული კრიტიკული შენიშვნები" და ჩამონათვალია ამომრჩეველზე ზეწოლასა და ფინანსურ უთანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები, ქალთა არასათანადო წარმომადგენლობა პარტიულ სიებში და სხვა", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ წერილში სიტყვაც არ იყო ნახსენები ბიულეტენზე მარკერის ე.წ. გაჟონვის თემაზე, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები ხმის მიცემის ფარულობის პრონციპის დარღვევას უწოდებენ და ამის გამო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ.
საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის - საყოველთაო და ფარული კენჭისყრის - დარღვევის აღიარების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.
პირველ შემთხვევაში ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება შეგნებულად უქმნიდა სირთულეებს საზღვარგარეთ მყოფ ქართულ დიასპორას, პრეზიდენტმა საუბარი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო.
პირველ შემთხვევაში ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ, იცოდა რა დიასპორის ოპოზიციური განწყობის შესახებ, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეგნებულად შეუქმნა სირთულეები არჩევნებში მონაწილეობისას.
მეორე შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოში საარჩევნო უბნების 2/3-ზე არ იყო უზრუნველყოფილი ხმის მიცემის ფარულობა - ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ არსებული წრის გასაფერადებლად.
ორი ინსტანციის სასამართლოსთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ამომრჩევლებისთვის ბიულეტენთან ერთად გაცემული ჩარჩ-კონვერტი უზრუნველყოფდა ჯენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
საუბარია საარჩევნო უბნებზე, სადაც გამოყენებული იყო ელექტრონული ტექნოლოგიები – ვერიფიკაციისა და ხმის დამთვლელი აპარატები.
ყველა ახალი ამბავი
0