პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან თავისუფალია

© photo: Sputnikსპეცრაზმი
სპეცრაზმი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2024
გამოწერა
საპროტესტო აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ.
თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირის ის მონაკვეთი, სადაც პარლამენტის შენობა მდებარეობს, აქციის მონაწილეებისგან პრაქტიკულად გათავისუფლებულია.
2 დეკემბრის აქციის ეპიცენტრი კვლავ გახდა პარლამენტის მიმდებარე ქუჩები, განსაკუთრებით კი ჭიჭინაძის ქუჩა, სადაც აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს და პოლიციის მისამართით ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა საგნებს, პიროტექნიკას.
19:00 საათზე დაწყებული დღევანდელი აქცია, წინა დღეებისგან განსხვავებით, მალევე გადაიზარდა დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეთა ჯგუფმა პარლამენტის მთავარ შესასვლელთან, რომელიც რუსთაველის გამზირზე გადის, მობილიზებული ძალოვანების მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო, პასუხად კი წყლის ჭავლი მიიღეს.
დაახლოებით 22:00 საათზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, წყლის ჭავლის მანქანის თანხლებით, თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით დაიძრნენ. აქციის მონაწილეებმა კი ჭიჭინაძის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთაზე გადაინაცვლეს.
როდესაც რუსთაველის გამზირზე მოძრავი სპეცრაზმის კოლონა მოვლენების ეპიცენტრს მიუახლოვდა, აქციის მონაწილეებმა, წინა დღეების მსგავსად, უკან დაიხიეს და სასტუმრო Tbilisi Marriott-თან გაჩერდნენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე აქციის მონაწილე დააკავეს.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეებისგან ასევე მთლიანად გათავისუფლებულია ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები - საპოლიციო ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
შსს ხმოვანი სიგნალით აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისიებები მართლწესრიგისა და სამოქალაქო სიმშვიდის აღსადგენად.
აქციის დაშლამდე შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ უწყება აქციის მოძალადე ჯგუფის წევრების მიმართ გამოიყენებდა კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს, რათა გაეთავისუფლებინა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მეხუთე დღეა გრძელდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. საპროტესტო აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0