ომბუდსმენი: დაკავებულები პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებენ

© courtesu of Levan Ioselianiლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2024
გამოწერა
თბილისში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა ჯამში 224 პირი დააკავეს
თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. 28 ნოემბრიდან თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა 120-ზე მეტმა პირმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ისინი პოლიციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არიან, განაცხადა ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე.
ზედიზედ ოთხი ღამე აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან მობილიზებულ შსს-ის წარმომადგენლების მისამართით ქვებს, ბოთლებსა და რკინის საგნებს, პიროტექნიკას ისროდნენ , ძლოვანები კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და ე.წ. წიწაკის სპრეის იყენებდნენ. მარტო გუშინ კლინიკებში სხვადასხვა დაზიანებებით 37 ადამიანი შეიყვანეს, მათგან 12 პოლიციელი.
„ჩვენ მოვინახულეთ 156 ადამიანი, მათგან 124 (80%) პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. ეს ძალზე შემაშფოთებელი ციფრია", - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, წინასწარი დაკავების იზოლატორებში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ორშაბათსაც მივიდნენ და დანარჩენ დაკავებულებს შეხვდნენ.
„მინდ იცოდეთ, რომ სახალხო დამცველი აპარატის თანამშრომლები გადანაწილებული არია ქვეყნის მასშტაბით, ასევე მოქმედებს „ცხელი ხაზი". ჩვენ მოვუწოდებთ ყველას დარეკონ „ცხელ ხაზზე" და მოგვაწოდონ ინფორმაცია დარღვევების შესახებ, რომლებიც მათთვის გახდა ცნობილი", - განაცხადა იოსელიანმა.
ომბუდსმენმა ხელისუფლებას მოუწოდა „თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან" და კანონდამრღვევთა წინააღმდეგ შესაბამისი ზომები გაატარონ.
საქართველოში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ 28 ნოემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას - მიზეზად დასახელდა აღნიშნული საკითხის შანტაჟის ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან, ხელისუფლებამ განმარტა, რომ გააგრძელებენ მუშაობას ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრობისთვის მზადყოფნა.
საპროტესტო აქციები იმართება ყველა დიდ ქალაქში, თუმცა მოვლენების მთავარი ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა რაიონში მცირერიცხოვანი აქციები იმართება, 19:00 საათისთვის კი პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან ისინი, ვინც ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.
წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც მმართველი გუნდის წინააღმდეგია.
ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ უცხოური დაფინანსებით მომზადებული პირთა აგრესიული ჯგუფები, რომლებიც აწყობენ პროვოკაციებს სიტუაციის დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების განცხადებით, ისინი მაიდანს ვერ მიაღწევენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციაზე არაერთი შეურაცხყოფისა და თავდასხმისა, მთელი ამ დღეების განმავლობაში ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებზე უკეთ მართავდა პროცესებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მან სინანული გამოთქვა აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის სისასტიკის ცალკეულ შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ ყველა ფაქტი გამოძიებული იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0