დაკავებები აქციებზე: რა სახის დარღვევებზე საუბრობს საია

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2024
გამოწერა
დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სამართლებრივი დახმარების ქსელის „ცხელ ხაზზე" 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით პერიოდში შევიდა საპროტეტსტო აქციაზე 200-ზე მეტი პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
საიას ცნობით, დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები.
„მხოლოდ გუშინ, მიმდინარე აქციის დროს, 50-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის 39-ზე მეტი საია-ს ადვოკატებმა უკვე მოინახულეს იზოლატორებში. დაკავებულთა დიდი ნაწილი საუბრობს პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საიას ცნობით, ხშირია სამედიცინო დახმარების საჭიროება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ ხდება. ამასთან, დაფიქსირდა პირადი ნივთების მიზანმიმართულად ჩამორთმევის, მათ შორის მობილური ტელეფონების დაკარგვის ან მოპარვის ფაქტები.
„მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული, შეწყდეს მათ მიმართ საქმის წარმოება, უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატების მიერ დაკავებულთა უფლებების სრულფასოვანი დაცვა, ჩვენი ქსელი განაგრძობს მუშაობას დაკავებულთა უფლებების დასაცავად”, -ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დღეს დაკავებულთა ადვოკატებმა განაცხადეს, დაკავებულთა ნაწილი გათავისუფლდა, ნაწილი კი დროებითი მოთავსების იზოლატორებში ან კლინიკებში არიან გადაყვანილი. დაკავებულებს ძირითადად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ედებათ ბრალი.
ცალკეულ შემთხვევებში ადვოკატები სასამართლო სხდომის გადადებას მოითხოვენ, რადგანაც მათი დაცვის ქვეშ მყოფ ზოგიერთ პირს ფიზიკური დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებათ.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 30 ნოემბრის მთელი ღამის განმავლობაში დესტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა - შეკრებილებმა პიროტექნიკა გამოიყენეს და სხვადასხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ქვები დაუშინეს და სათვალთვალო კამერები დააზიანეს. საპასუხოდ, პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
აქციის დროს დაშავდა ექვსი სამართალდამცველი და მედია-საშუალებების რამდენიმე თანამშრომელი.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0