პარლამენტთან აქცია გრძელდება: პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს, მიმდინარეობს დაკავებები

© photo: Sputnikაქციის დაშლა. 2024 წლის 1 დეკემბერი
აქციის დაშლა. 2024 წლის 1 დეკემბერი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2024
გამოწერა
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის.
საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
აქციის მონაწილეები აგებენ ბარიკადებს, პოლიციის მისამართით პიროტექნიკას ისვრიან, საპასუხოდ კი მათ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი აირი ხვდებათ. სპეცრაზმი პერიოდულად ახერხებს მომიტინგეების გაწევას და ბარიკადებისგან გზის გაწმენდას, თუმცა აქციის მონაწილეები არ იშლებიან და ისევ ბრუნდებიან. პარალელურად მიმდინარეობს დაკავებები.
შსს-მ არაერთხელ გააფრთხილა მომიტინგეები, რათა პროტესტი არ გასცდეს მშვიდობიან ფარგლებს და დაშლისკენ მოუწოდა.
შსს-ს მტკიცებით, აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის დამცავი ჯებირებიც, პერიოდულად ცდილობენ პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრის დაზიანებას და ეზოში შეჭრას. მოძალადე ჯგუფებმა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე სხვადასხვა საგნის გამოყენებით ხელოვნური ბარიერები აღმართეს და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება დააზიანეს.
პროტესტის ქრონიკა
სამთავრობო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
მომიტინგეები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.
ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ქმედებების შედეგად ორ დღეში მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი დაშავდა.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
ყველა ახალი ამბავი
0