პაპუაშვილი: მოვუწოდებ აქციის ყველა მონაწილეს დარჩნენ მშვიდობიანი დემონსტრაციის ფარგლებში

© Georgian Dreamშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2024
გამოწერა
სახელმწიფო არის ერთადერთი, ვისაც აქვს დანაშაულის აღსაკვეთად და მოქალაქეების დასაცავად ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება და ვალდებულება, განაცხადა პაპუაშვილმა
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. მოვუწოდებ აქციის ყველა მონაწილეს, დარჩნენ მშვიდობიანი დემონსტრაციის ფარგლებში, თითოეულმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და არ მიმართოს ძალადობას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კვირას გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ. ისინი ასევე მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
„სამი დღეა, საზოგადოება აკვირდება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც სრულად არის ამოვარდნილი მშვიდობიანი პროტესტის ჩარჩოებიდან. ვხედავთ, რომ აქციაზე სათანადო რაოდენობის ადამიანების შეკრების მომენტიდანვე იწყება ძალადობრივი ექსცესები, რომლებიც მალევე გადადის ვანდალიზმში პარლამენტის შენობის მიმართ და ძალადობაში პოლიციელების მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო არის ერთადერთი, ვისაც აქვს დანაშაულის აღსაკვეთად და მოქალაქეების დასაცავად ძალის გამოყენების ლეგიტიმური უფლება და ვალდებულება.
„ძალადობის აღსაკვეთად საპოლიციო ძალებს მოეთხოვებათ, გამოიყენონ კანონით განსაზღვრული მართლზომიერი ძალა და არ გაადაჭარბონ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას... ეს ვალდებულება განსაკუთრებით ვლინდება მაშინ, როდესაც სახეზეა ძალადობრივი მასობრივი აქცია, რათა დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგიც, მშვიდობიანი აქციაც და მათ შორის, მოძალადეთა სიცოცხლე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, რუსთაველის გამზირზე გუშინ, საღამოს გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 50 ადამიანი დააკავეს, 28-ნოემბრიდან -აქციის დაწყებიდან დღემდე კი მთლიანობაში 200-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
შსს-ს ცნობით, აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დესტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა - შეკრებილებმა პიროტექნიკა გამოიყენეს და სხვადასხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ქვები დაუშინეს და სათვალთვალო კამერები დააზიანეს. საპასუხოდ, პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
წუხანდელი თავდასხმის შედეგად პარლამენტში დაზიანებულია 48 სამუშაო ოთახი, დაზიანდა ჭიჭინაძის და რუსთაველის გამზირის მხრიდან ქვედა სართულების თითქმის ყველა ფანჯარა, დაზიანებულია სხვადასხვა სახის საოფისე ტექნიკა. დამწვარია პარლამენტის ხის კარი ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან, განადგურდა პარლამენტის ცენტრალური კორპუსის გათბობა-გაგრილების აგრეგატები", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ხელისუფლების ამგვარ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგი მკაცრი რეზოლუციის მიღება, რომელშიც ნათქვამია, რომ 26 ოქტომბერს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო „დემოკრატიის უკან დახევის კიდევ ერთი გამოვლინება“ ქვეყანაში.
რეზოლუციის თანახმად, ადგილი ჰქონდა მასშტაბურ გაყალბებას, ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს ამ არჩევნების შედეგები და ამავდროულად უნდა მოუწოდოს საქართველოს ხელახლა ჩაატაროს არჩევნები ერთი წლის განმავლობაში.
რეზოლუციის თანახმად, ადგილი ჰქონდა მასშტაბურ გაყალბებას, ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს ამ არჩევნების შედეგები და ამავდროულად უნდა მოუწოდოს საქართველოს ხელახლა ჩაატაროს არჩევნები ერთი წლის განმავლობაში.
ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს და ევროკავშირის ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის, თბილისის მერ კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილია - საპროტესტო აქცია 19:00 საათზე იწყება.
ყველა ახალი ამბავი
0