სახალხო დამცველის აპარატი: დაკავებულები სპეცრაზმის მხრიდან ანგარიშსწორებაზე მიუთითებენ

© photo: Sputnikსპეცრაზმი
სპეცრაზმი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2024
გამოწერა
სახალხო დამცველი აპარატი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაკავებულების შესახებ მასალებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აწვდის.
თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. სახალხო დამცველის აპარატმა, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციებზე დაკავებული 125 პირი მოინახულა, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება - აქციები მომიტინგეების დარბევით მას შემდეგ სრულდება, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, რუსთაველის გამზირზე 30 ნოემბრის საღამოს გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 50 ადამიანი დააკავეს, 28-ნოემბრიდან -აქციის დაწყებიდან დღემდე კი მთლიანობაში დაკავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
„30 ნოემბერს დაკავებული 44 პირიდან 38-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა. 26 დაკავებულს სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა, უმეტესად ეს იყო ხილული და სახის არეში. დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. დაკავებულთა თქმით, ისინი ალყაში მოაქციეს, არ აძლევდნენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც სამართალდამცავები განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საუბარია სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ქალაქში დაკავებულ მოქალაქეებზე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი აპარატი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაკავებულების შესახებ მასალებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აწვდის.
შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში დესტრუქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა - შეკრებილებმა პიროტექნიკა გამოიყენეს და სხვადასხვა საგნებს ცეცხლი წაუკიდეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ქვები დაუშინეს და სათვალთვალო კამერები დააზიანეს. საპასუხოდ, პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 28-30 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მომიტინგეების და ჟურნალისტების წინააღმდეგ „ძალადობის გამოყენებით ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით (სსკ-ის 333-ე მუხლი).
პროტესტის ქრონიკა
მთავრობის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
მომიტინგეები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.
ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ქმედებების შედეგად ორ დღეში მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი დაშავდა.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
ყველა ახალი ამბავი
0