საპატრიარქო: შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2024
გამოწერა
საპატრიარქო მოუწოდებს სამართალდამცველებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და არ გასცდნენ კანონიერი მოქმედების ფარგლებს.
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. შექმნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
„დიდად ვწუხვართ, რომ მიუხედავად ეკლესიის მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაცია 30 ნოემბერსაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მასმედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომელიც გაცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქო მოუწოდებს დემონსტრანტებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დაიცვან პროტესტის გამოხატვის საზღვრები; ასევე სთხოვს სამართალდამცველებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და არ გასცდნენ კანონიერი მოქმედების ფარგლებს.
„სახელმწიფომ კი აუცილებელია, მოახდინოს დარღვევების სწრაფი და დროული გამოძიება, მათი ობიექტური შეფასება და საზოგადოების ინფორმირებულობა“, - მიიჩნევს საპატრიარქო.
პროტესტის ქრონიკა
სამთავრობო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
მომიტინგეები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.
ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ქმედებების შედეგად ორ დღეში მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი დაშავდა.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
ყველა ახალი ამბავი
0