თავი შეიკავეთ აგრესიისგან: საპატრიარქო აქციის მონაწილეებს და ძალოვანებს მიმართავს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2024
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში სპეცრაზმი მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს და საზოგადოების ყველა სხვა წევრს, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთებს ესვრიან, რასაც სამართალდამცველები წყლის ჭავლით პასუხობენ. საქართველოს დედაქალაქში საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
საპატრიარქოში აღნიშნავენ, რომ 29 ნოემბერს, გამთენიისას, დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს. მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების განმარტებებისა, როგორც გუშინ, ასევე დღეს, რომ საქართველო არ უხვევს ევროპული კურსიდან და უარს არ ამბობს ევროპულ ფასეულობებზე, საზოგადოების ნაწილისათვის ეს განმარტებები საკმარისი და დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შედეგად, მშვიდობიანი დემონსტრაცია ნელ-ნელა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და აქციის მონაწილეების ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც საპატრიარქოში აღნიშნეს, მასმედიით გავრცელებულ არაერთ კადრში ჩანს, როგორ დაუპირისპირდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, როგორ ცდილობდნენ შენობებში შეღწევას და აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას.
„თავის მხრივ, ვიხილეთ აგრესიული ქმედებები სამართალდამცავების მხრიდან. ისინი ფიზიკურად უსწორდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებს, რომელთა უპირველესი სამსახურებრივი მოვალეობა სწორედ ფაქტების დაფიქსირება და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებაა”, - აღნიშნულია განცხადებაში.
სამწუხაროა, რომ დღესაც, ისევე, როგორც ბოლო წლებში, ეს სურათი არ იცვლება. ჩვენ თვალწინ პერიოდულად ვითარდება მძიმე სცენარი. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ადამიანებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ ერთმანეთის კატეგორიული მიუღებლობა, განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო რადიკალური დამოკიდებულება, აგრესია და უთანხმოება, მიაჩნია საპატრიარქოს.
ამ ყოველივეს პარალელურად, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის თავშეკავებისა და ურთიერთპატივისცემისაკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს ადამიანებს, აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა თუ კურსის მიუხედავად. საზოგადოების წევრები მაინც ორიენტირებული უნდა იყვნენ მშვიდობის შენარჩუნებისაკენ, რათა არ გადალახონ ზღვარი.
„მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე საზოგადოების ყველა სხვა წევრს, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ თავიანთ პროტესტს, თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან. განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ნუ დავაზარალებთ ურთიერთს და შევძლოთ, ჩვენი პოზიცია გაცილებით ცივილური ფორმით გამოვხატოთ.
მსგავსი უარყოფითი დამოკიდებულებები და ქმედებები კი უცხოა ეკლესიის ხედვისა და ზოგადად ქრისტიანული სულისკვეთებისათვის. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მშვიდობისა და კეთილგონიერებისაკენ“, - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0