საპროტესტო აქციაზე პოლიციელი დაშავდა - შსს მეორე განცხადებას ავრცელებს

© video: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია პარლამენტთან. 28 ნოემბერი. 2024 წელი
საპროტესტო აქცია პარლამენტთან. 28 ნოემბერი. 2024 წელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2024
გამოწერა
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის წევრების მხრიდან პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპროტესტო აქციები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მობილიზებულები არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავენ მართლწესრიგს.
„პოლიციის მხრიდან, ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების მიმართ, გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში და არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, შეკრებილთა ნაწილი სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის წევრებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია სამართალდამცველების მიერ „წიწაკის სპრეის“ გამოყენების შესახებ. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და სპეციალური დანიშნულების რაზმი.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა. ისინი საერთაშორისო გამოძიებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ყველა ახალი ამბავი
0