ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა - რა გადაწყვეტილება მიიღეს დღეს

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2024
გამოწერა
პრემიერის პროგნოზით, 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლამდე არ დააყენებს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
დღეს ევროპარლამენტმა იმსჯელა საქართველოს საკითხზე და მიიღო რეზოლუცია, სადაც ნათქვამია თანამდებობის პირების დასანქცირებაზე, ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე, ასევე ისმის მოწოდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ და სხვ.
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომლისთვისაც ორგანული და ძვირფასია ტრადიციული ევროპული ღირებულებები.
„როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, როგორც ქრისტიანობის დაცვის მთავარი ბასტიონისკენ. ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქვეყანა, რომლებმაც ევროპული ღირებულებები ქართული სამოქალაქო აზროვნების ლაიტმოტივად აქციეს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად აქციოს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც „ძალისხმევას არ დავიშურებთ“.
„ამ ფონზე, საქართველოს თხოვენ არა რეფორმებს, არამედ მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. ეს არის „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმება, სანქციების დაწესება და საქართველოს ეკონომიკის ჩვენივე ხელით ჩამოშლა, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და სხვ.“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი განცხადებით, საქართველო ღირსებით ივლის წინ ევროკავშირისკენ, რაც იმ 1.120.000 ამომრჩევლის დაკვეთაა, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ კურსს მყარი ნდობა გამოუცხადა.
„ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა ეს ვალდებულება შესრულდება შიდა დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე.
„ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“, - განაცხადა მან.
პრემიერის პროგნოზით, 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო - ძირითადი ასპექტები >>
„საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა ახალი ამბავი
0