შობის მარხვა: რა არის აკრძალული და რა - დაშვებული

© photo: Sputnik / სამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2024
გამოწერა
წმინდა მამათა, მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებით, წლის განმავლობაში ოთხი ძირითადი მარხვაა: აღდგომის, პეტრე-პავლობის, მარიამობის და შობის. წლის უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვა სწორედ შობის მარხვაა.
28 ნოემბრიდან იწყება შობის მარხვა, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.
მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისათვის მომზადების პერიოდია - იგი 40 დღეს გრძელდება. ის დაწესებულია იმისთვის, რათა თითოეული ადამიანი სინანულით, ლოცვით და მარხვით განიწმინდოს და შობის დღესასწაულზე მოწიწებით მიეახლოს ძე ღვთისას.
შობის მარხვას მართლმადიდებლები სიხარულის მარხვასაც ეძახიან. ის შედარებით მსუბუქად ითვლება, რადგან 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, დაშვებულია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მორწმუნეებმა უკვე მკაცრად უნდა იმარხულონ.
მარხვაში აუცილებელია
ლოცვა, მონანიება, საეკლესიო მსახურებაზე დასწრება და კეთილი საქმეების ჩადენა
რა არის დაშვებული
მარხვის დროს დაშვებულია ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, პური, სოკო, შაქარი, ფაფები, თხილი, მზესუმზირა, ჩირის ასორტი, თაფლი. თევზი დაშვებულია უქმეებსა და დღესასწაულებზე, თუ იგი ოთხშაბათსა და პარასკევს არ ემთხვევა.
მარხვის დროს აკრძალულია ნებისმიერი ცხოველური საკვები – ხორცის ნებისმიერი სახეობა, კვერცხი, ცხოველური ცხიმები, რძის პროდუქტები.
რა არის აკრძალული
მარხვის დროს იკრძალება ჯვრისწერა, ქორწილისა და სხვა დღესასწაულების გამართვა, სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობა, თამბაქოს მოხმარება, სპირტიანი სასმელების მიღება, ჩხუბი, კამათი.
ვინ შეიძლება არ დაიცვას მარხვა
მძიმე ავადმყოფებმა, ორსულებმა, მეძუძურმა დედებმა, სამხედროებმა, მუშებმა, მძიმე სამუშაოზე დასაქმებულებმა, მოგზაურებმა და შვიდ წლამდე ბავშვებმა.
ეკლესიის ისტორიაში შობის მარხვის შესახებ ცნობები მეოთხე საუკუნიდან მოიპოვება, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი დაწყებისა და დასრულების თარიღი მკაცრად განსაზღვრული არ იყო. ორმოცდღიანი მარხვა 1166 წლს პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის პერიოდში მოწვეულ კონსტანტინეპოლის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე დადგინდა. მარხვის დასაწყისში მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს ლოცვის გაძლიერებისკენ, ზიარებისკენ, თავმდაბლობისკენ და მოთმინებისკენ მოუწოდებენ.
მარხვა დიდი სიხარულია მორწმუნისა, რადგან ამ დროს ცხოველი რწმენით ანთებული ადამიანი მზად არის სარწმუნოებრივი გმირობისთვის: ღვთის სიყვარული ხომ მაშინ ხდება რეალური, როდესაც მას საქმით გამოვავლენთ. როგორც წმინდა იაკობ მოციქული ამბობს, საქმის გარეშე რწმენა მკვდარია. ერთ-ერთი ამგვარ საქმეთაგანია ჩვენდამი უფლის უსაზღვრო სიყვარულის პასუხად ამქვეყნიურ სიამეთა მცირე ხნით მოკლება. სწორედ ამას ეწოდება მარხვა. ზოგიერთი სახის საჭმლისგან თავის შეკავება ადვილია (თუმცა ზოგიერთისთვის ეს გადაულახავი დაბრკოლებაა); გაცილებით ძნელია ვნებებსა თუ მავნე მიდრეკილებებზე უარის თქმა. და თუ ზოგიერთი კერძისგან თავის შეკავება ვერ შევძელით, ვერც ვნებებზე ავმაღლდებით. ამ აზრით, გონიერი ადამიანი გამუდმებით უნდა მარხულობდეს. წმინდა მამები ამგვარად ცხოვრობდნენ, მაგრამ ადამიანს თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო გამუდმებით თავშეკავება არ ძალუძს. ამიტომაც ეკლესიამ დაადგინა დრო და ფორმა მარხვისა, რომლის დაცვაც, — თავდაპირველად თუნდაც საკუთარ თავზე ძალდატანებით, იძულებით, — საწინდარია იმისა, რომ ოდესმე ჭეშმარიტ მარხვას და თავშეკავებით ცხოვრებას შევძლებთ.
ყველა ახალი ამბავი
0