პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დასახელდა

© Georgian Dreamმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2024
გამოწერა
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ინაუგურაციის ცერემონია კი 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ირჩევა ხუთი წლის ვადით. მოქმედი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს იწურება.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას", - განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა, საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები პირველად გაიმართება არაპირდაპირი წესით.
„14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია, რომელშიც მყარ უმრავლესობას, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ფლობს", - განაცხადა ივანიშვილმა.
აქედან გამომდინარე იმთავითვე ცხადია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დაიკავებს, აღნიშნა მან.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ტარდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ოქტომბერში, მაგრამ თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების თვეს ან წინა თვეს, მაშინ პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის ვადაში. საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა, პირველი სხდომა კი 25 ნოემბერს გაიმართა.
ამასთან, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.
„წლების განმავლობაში ის, როგორც წარმატებული სპორტსმენი, იცავდა საქართველოს ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი, ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის „დინამოს", „ ალანიას", „მანჩესტერ სიტის", წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს", - განაცხადა მან.
პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ყაველაშვილი ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, აღნიშნა ივანიშვილმა.
„უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაში“,- განაცხადა ივანიშვილმა.
ღირსება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება, ივანიშვილის თქმით, ეს ის თვისებებია, რაც სხვებისგან განასხვავებს მიხეილ ყაველაშვილს.
ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს საპრეზიდენტო ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას.
„29 დეკემბერს გაიმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან პრეზიდენტის (სალომე ზურაბიშვილის - რედ.) მხრიდან ქვეყნის ღალატის პრაქტიკა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევა, რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა პრეზიდენტის ინსტიტუტს, წარსულში დარჩება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ეჭვგარეშეა, რომ ყაველაშვილი ემსახურება არა უცხო ძალას, არამედ ქართულ სახელმწიფოს და ხალხს და ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებას, აღნიშნა ივანიშვილმა.
„მინდა ვუსურვო მიხეილ ყაველაშვილს წარმატებული საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის რანგში“, - განაცხადა ივანიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევენ არა საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წელს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის წყალობით გახდა. 2018 წლის აგვისტოში ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს, სექტემბრის დასაწყისში კი მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატს არ დაასახელებდა და საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილს დაუჭერდა მხარს.
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა ზურაბიშვილის პრეზიდენტობიდან სამი წლის შემდეგ გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
მიხეილ ყაველაშვილის ბიოგრაფია
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.
ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივნისს. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო.
1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში.
2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა" შემდეგ კ ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს.
ყველა ახალი ამბავი
0