სიახლეები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში - რეფორმები და გეგმები

© photo: Sputnik / Stringerვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2024
გამოწერა
გომელაური, ისევე როგორც მინისტრობის სხვა კანდიდატები, პარლამენტის პროფილურ კომიტეტებში საკუთარ გეგმებს
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. დანაშაულთან ბრძოლის ხარისხის ამაღლება, სახელმწიფო საზღვრის დაცვა და პოლიციელებისთვის სოციალური გარანტიების გაზრდა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლოესი წლების პრიორიტეტები, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა გააჟღერა.
25 ნოემბერს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა. კონსტიტუციის თანახმად, ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე მთავრობას უფლებამოსილება უწყდება.
გომელაური, ისევე როგორც მინისტრობის სხვა კანდიდატები, პარლამენტის პროფილურ კომიტეტებში საკუთარ გეგმებს სამთავრობო პროგრამის „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ - 2025-2028“ ფარგლებში წარადგენენ.
საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამას და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას 28 ნოემბერს გამოუცხადებს. მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად საჭიროა 76 დეპუტატის ხმა.
საზღვრის დაცვა, როგორც მთავარი პრიორიტეტი
სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოს საზღვრის ეფექტიანი დაცვა წარმოადგენს.
„შემუშავდა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელი“, რომელიც უმთავრესად დაეფუძნა ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს გამოცდილებას“, - განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, უწყება რიგ ნაბიჯებს დგამს საზღვრის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად - განახლდა 27 სასაზღვრო სექტორი, რომლებიც სრულად აღიჭურვა საზღვრის დაცვის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით.
გარდა ამისა, დანაშაულის პრევენციისა და მასზე ეფექტიანი რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, მათ შორის, საერთაშორისო აეროპორტებში დაინერგა სახის ამომცნობი სისტემა, რამაც შესაძლებელი გახდა ძებნილი, ქვეყნიდან გაძევებული, აკრძალვაზე მყოფი პირებისა და, ასევე, სხვადასხვა სახის სამართალდარღვევის გამოვლენა.
გომელაურის თქმით, საქართველოში იგეგმება საქართველო გეგმავს პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი ან დანაშაულის მსხვერპლთათვის თავშესაფრის სისტემის განახლება, ასევე ინფრასტრუქტურული ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას.
სოციალური გარანტიები
გომელაურმა კიდევ ერთ პრიორიტეტად პოლიციის თანამშრომლებისთვის სოციალური გარანტიების გაუმჯობესება დაასახელა.
კერძოდ, იგეგმება სისტემიდან წასული თანამშრომლების კომპენსაციისა და ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება.
გარდა ამისა, უწყება გეგმავს მოქმედი თანამშრომლებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას. კერძოდ, საუბარია ხელფასების ყოველწლიურ ზრდაზე და პოლიციელების შეღავათიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, რისთვისაც შენდება „პოლიციის ქალაქი“.
ბრძოლა საგანგებო სიტუაციებთან
მინისტრობის კანდიდატმა ცალკე აღნიშნა საგანგებო სიტუაციებთან ბრძოლის გაუმჯობესება.
ამგვარად, წყალზე ოპერაციებისთვის უკვე შეძენილია 31 ერთეული მცურავი საშუალება, სახანძრო-სამაშველო ოპერაციებისთვის კი მაღალი გამავლობისა და მანევრის მქონე 30 გერმანული ახალი ავტომობილი.
გარდა ამისა, ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების მთავარი სამმართველო.
დანაშაულთან ბრძოლა
შსს-ს მომავალმა მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებისთვის პრიორიტეტად რჩება დანაშაულთან ბრძოლა და ამაში განსაკუთრებულ როლს ითამაშებს კრიმინალური პოლიციის დაგეგმილი რეფორმა, რომელიც გულისხმობს საგამოძიებო და საპოლიციო ფუნქციების გამიჯვნას.
მისი თქმით, გრძელდება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარება, რომელიც ამოქმედებულია თბილისში, რუსთავსა და ბათუმში. რეფორმის ფარგლებში მართლწესრიგის ინსტიტუტი სხვა დიდ ქალაქებშიც დაიწყებს ფუნქციონირებას.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა დააანონსა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დნმ-ის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს.
ყველა ახალი ამბავი
0