ომბუდსმენი: პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2024
გამოწერა
ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება 25 ნოემბერს ცნეს
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა სრულიად ლეგიტიმურად ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისად და ყველა სხვა საკითხი, მათ შორის, პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელი, მხოლოდ განხილვის საგანია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს საკანონმდებლო ორგანოს შეკრების ლეგიტიმურობასთან, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება 25 ნოემბერს ცნეს. ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ბარიერგადალახული და პარლამენტში შესული ოთხივე ოპოზიციური ძალა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი პარლამენტის პირველი სხდომა არ დანიშნა და ამის ნაცვლად, 19 ნოემბერს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
„პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ, ათ დღეში პარლამენტი იკრიბება", - განაცხადა იოსელიანმა.
ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი, ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს ათ დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და, რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო, აღნიშნა სახალხო დამცველმა.
როგორც ომბუდსმენმა განმარტა, ყველა სხვა საკითხი, მათ შორის, საკონსტიტუციო სარჩელი, განხილვას ექვემდებარება.
„საკონსტიტუციო სასამართლო, სავარაუდოდ, განიხილავს ამ საკითხს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს შეკრების ლეგიტიმურობასთან“, - დასძინა იოსელიანმა.
ზურაბიშვილმა სასამართლოს 19 ნოემბერს მიმართა. სარჩელში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დასკვნითი ოქმები ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის გამო, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.
ოპოზიციონერებმა, მათმა მხარდამჭერმა საქართველოს პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების ტოტალურად გაყალბების შესახებ განაცხადეს და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვეს. მათ ასევე მოითხოვეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების და ახალი არჩევნების ჩატარება.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ განაცხადა, არ აპირებს „არალეგიტიმურ პარლამენტში“ მუშაობას, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შესახებ ოფიციალური განცხადებებით საკანონმდებლო ორგანოსთვის ჯერ არ მიუმართავს.
ერთი სარჩელი - ორი ბრალდება
პირველი ბრალდება - საყოველთაო კენჭისყრის პრინციპის დარღვევა.
იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად უქმნიდა სირთულეებს საზღვარგარეთ მყოფ ქართულ დიასპორას, პრეზიდენტმა საუბარი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო.
ზურაბიშვილმა მოითხოვა საარჩევნო უბნების გახსნა მათ შორის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ფარგლებს გარეთ, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია დაჟინებით ამტკიცებდა, რომ საარჩევნო უბნების ფუნქციონირება მხოლოდ საელჩოსა და საკონსულოს შენობებში მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.
კანონის მიხედვით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი შეიძლება გაიხსნას საკონსულოში რეგისტრირებული არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისთვის. 42 ქვეყანაში ჯამში 60 უბანი გაიხსნა.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო (სულ 3 508 294), საიდანაც საზღვარგარეთ ხმა მისცა 34 574-მა საქართველოს მოქალაქემ (სულ 95 910 მოქალაქე იყო რეგისტრირებული).
საზღვარგარეთ ჩატარებული არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მეოთხე ადგილი დაიკავა, წინ გავიდნენ ოპოზიციური გაერთიანებები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“, ხოლო მთლიანად არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა.
მეორე ბრალდება ფარული კენჭისყრის პრინციპის დარღვევაა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ პირველმა წამოჭრა ეს საკითხი, მოგვიანებით ეს აიტაცეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ.
ისინი თავიანთ ბრალდებას იმით ამყარებდნენ, რომ ბიულეტენის უკანა მხრიდან ჩანდა მარკერის კვალი, რომლითაც იყო გაფერადებული წრე სასურველი პარტიის გასწვრივ. სასამართლოებისთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ყველა ახალი ამბავი
0