ინციდენტი საპროტესტო აქციებზე: გომელაური პოლიციის და აქციის მონაწილეების პასუხისმგებლობაზე

© Ministry of Internal Affairs of Georgiaვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2024
გამოწერა
შს მინისტრობის კანდიდატმა განმარტა, თუ როგორ დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პროვოკაციები მოაწყვეს - პოლიციელებს ესროდნენ ქვებს და ურტყამდნენ ჯოხს, დაკავებისას კი მათ წინააღმდეგობას უეწვდნენ, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტეთან.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, მას ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს და თბილისში პერმანენტულად საპროტესტო აქციებს მართავს. ისინი ასევე მოითხოვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების და ახალი არჩევნების ჩატარებას.
„აქციებზე არაადეკვატური ქმედებები პოლიციელების მხრიდან არ ყოფილა. ჩვენ ვნახეთ (აქციის მონაწილეების მხრიდან - რედ.) ხელკეტების ჩარტყმა“, - განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, მან დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დაკავების დროს რამდენიმე ადამიანი დაზიანდა.
„როდესაც პოლიციელს ხელკეტს ურტყამ და შემდეგ არ ემორჩილები, რომ დაგაკავონ და გადაგიყვანონ პოლიციის შენობაში, იქ რომ ეჭიდავები და დავარდები ძირს, ან ხელს იტკენ ან რაიმეს დაიზიანებ", - განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, აქციებზე იყო პროვოკაციები, მათ შორის 25 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან, როცა ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა გაიმართა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, თავიდან აქცია მშვიდ ვითარებაში ტარდებოდა და მასში 200-300 ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა, როცა სხდომა დაიწყო, ახალგაზრდებს აქტიურობისკენ მოუწოდეს და მათაც დაიწყეს პარლამენტის მთავარი შესასვლელის წინ აღმართულ რკინის ღობეზე სხვადასხვა საგნების დარტყმა.
მეტიც, აქციის მონაწილეებმა რკინის ღობის მიმართულებით პიროტექნიკის სროლა დაიწყეს, რომელიც პარლამენტის ეზოში ფეთქდებოდა, განაცხადა გომელაურმა.
„პოლიციას ქვებ და ბოთლებს ესროდნენ პროვოცირების მიზნით... ეს ყველაფერი დასჯადია. ყველა ამ ადამიანის იდენტიფიცირება მოხდება და მათ ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება, ან როგორც სასამართლო გადაწყვეტს“, - განაცხადა გომელაურმა.
რაც შეეხება 19 ნოემბერს გამართულ აქციაზე ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის დაკავების მიზანშეწონილობას, გომელაურმა განაცხადა, რომ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს და საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.
„შეხლა-შემოხლა იყო. კარგად ჩანს, რომ პოლიციელებს ჯოხს ურტყამდნენ და ზუსტად იქ იდგა ეს ადამიანიც (ოპერატორი - რედ.). მე არ ვიძახი, რომ ეს ადამიანი ურტყამდა ჯოხს... ძალიან ბევრი ხალხი იყო და ვერ გეტყვით შეცდომა იქნა დაშვებული (პოლიციის მხრიდან - რედ.) თუ არა. დაწყებულია გამოძიება", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
„მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე 19 ნოემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახლოს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს.
გომელაურის თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ პოლიციელებმა რაღაც დააშავეს, პასუხსაც აგებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არცერთ პოლიციელს, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, თმის ღერი არ ჩამოუვარდება.
„თუ რამე დავაშავეთ, ჩემი თამადობით ვიტყოდი, პასუხს ვაგებთ, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, ვერცერთ პოლიციელს, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია, თმის ღერი არ ჩამოუვარდება", - განაცხადა გომელაურმა.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებული აქტივისტ ნათია ძიძიგურის განცხადებაზე კომენტარისას, რომ პოლიციის შენობაში მიყვანამდე იგი მანქანაში მუხლებზე იდგა, რადგანაც დაკავებულებს დაჯდომის უფლება არ მისცეს, გომელაურმა არარეალური უწოდა.
„ეს არის ძალიან სამარცხვინო ბრალდება. მუხლებზე დამაყენესო - ასეთი ბრალდება, მართლა არ გამიგია... მკვლელებს და რეციდივისტებს არ ვექცევით ასე, როცა ვაკავებთ. როგორ წარმოგიდგენიათ, ქართველმა პოლიციელმა ახალგაზრდა გოგო აიყვანა და მუხლებზე დააყენა და ასე გადაჰყავდათ?! დაამტკიცონ!", - განაცხადა გომელაურმა.
ამ დროისთვის მთავრობის ყველა წევრი მინისტრობის კანდიდატია. პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს, მის მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამას და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას 28 ნოემბერს გამოუცხადებს. მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად საჭიროა 76 დეპუტატის ხმა.
ყველა ახალი ამბავი
0