საწვავის ხარისხის კონტროლი ნავთობპროდუქტების ბაზრის გამოწვევად რჩება

© photo: Sputnik / Stringerრკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2024
გამოწერა
იობაშვილის განცხადებით, ხარისხის კონტროლის ეფექტურმა სისტემამ უნდა მოიცვას საქართველოს ყველა რეგიონი.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საავტომობილო საწვავის ხარისხის კონტროლი საქართველოსთვის გამოწვევად რჩება, ამიტომაც საჭიროა მისი გამკაცრება, განუცხადა საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის (SING) ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა გამოცემა „კომერსანტს".
საქართველოში საწვავის ხარისხის კონტროლი ნავთობპროდუქტების ბაზრის გამოწვევად რჩება. ეს ეხება როგორც ბენზინს და დიზელის საწვავს, ასევე საავტომობილო ზეთებსა და თხევადი აირის ხარისხს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ხარისხის მაღალი სტანდარტი გააჩნია, საჭიროა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლი როგორც საბითუმო, ისე საცალო ქსელში რეალიზებულ პროდუქტებზე.
„მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური კონტროლის სისტემა ქვეყნის შიგნით საწვავის ხარისხთან დაკავშირებით. უნდა დაიწყოს კონტროლი ქვეყნის საზღვრიდან და უნდა განხორციელდეს მუდმივი სისტემური შემოწმება როგორც საცალო ქსელში, ისე ბაზებზე, გასამართ სადგურებზე", - განაცხადა იობაშვილმა.
მისი თქმით, ხარისხის კონტროლის ეფექტურმა სისტემამ უნდა მოიცვას საქართველოს ყველა რეგიონი. იობაშვილი მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ მიმართულებით დიდ სამუშაოს ახორციელებს, თუმცა, აუცილებელია მონიტორინგის მეტი ინტენსივობა და მკაცრი კონტროლი.
როგორც იობაშვილმა აღნიშნა, ერთჯერადი დაჯარიმება საკმარისი არ არის და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი მზად არის უწყებას დაეხმაროს საწვავის ხარისხის კონტროლის განხორციელებაში.
„ქვეყანაში ევრო 5-ის სტანდარტი მოქმედებს და ყველას უნდა ეშინოდეს, ვინც უხარისხო პროდუქტს ყიდის, რომ დარღვევის შემთხვევაში პასუხი მოეთხოვებათ", - განაცხადა მან.
მისი თქმით, მოცულობის გაზრდის მიზნით, საწვავში ურევენ დაბალი ხარისხის ბენზინს, ე.წ ეთილს და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს.
„სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ ბენზინი და დიზელი მოწმდება. ფაქტობრივად ყურადღება არ ექცევა საავტომობილო ზეთებს, თხევად აირს, რაც დიდი პრობლემაა. კვლევები ამ მიმართულებით არ ჩატარებულა. თუ ლაბორატორიები არ არის, მეზობელ რეგიონებში ჩავატაროთ", - განაცხადა იობაშვილმა.
მისი თქმით, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ კეთილსინდისიერი მეწარმეები არ დაიჩაგრონ. უხარისხო საწვავის რეალიზაცია, გარდა გარემოს დაბინძურებისა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრობლემასაც აჩენს.
„ჩვენ გვყავდა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ოფიციალურად სახელმწიფოს მიერ იყო აკრედიტებული. საჭირო თუ იქნება, ხარისიხს კონტროლის კვლავაც განვახორციელებთ, რისი უფლებამოსილებაც ადრე გვქონდა. ამისათვის, მთავარია აკრედიტაცია აღვადგინოთ. უნდა ვიცოდეთ რას ვყიდულობთ და რაში ვიხდით ფულს, რომ მომხმარებელი მოტყუებული არ დარჩეს, - განაცხადა იობაშვილმა.
საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პერიოდულად აკონტროლებს საწვავის ხარისხს. ბოლოს ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის კონტროლი რამდენიმე თვის წინ განხორციელდა და საწვავის სინჯები მხოლოდ სამი სადგურიდან აიღეს. მაშინ არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
გარდა ამისა, აპრილში ნავთობბაზებსა და ნავთობსაცავებიდან ბენზინის საწვავის სინჯების შემოწმება განხორციელდა - ჯამში შემოწმდა სამი ბაზის 11 სინჯი, საიდანაც მხოლოდ ერთ შემთხვევაში დადგინდა დარღვევა.
კერძოდ, დეპარტამენტის ცნობით, შპს „მანი“-ში აღებულ სინჯში ოქტანური რიცხვი არ შეესაბამებოდა პრემიუმის მარკას, რის გამოც კომპანია 508,040 ლარით დაჯარიმდა.
დეპარტამენტის ინსპექტორები რეგულარულად ამოწმებენ საწვავის ხარისხს. 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დიზელის საწვავში ტყვიის დონე არ უნდა აღემატებოდეს 50 მილიგრამს.
ექსპერტები თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად ავტომობილის საწვავის დაბალ ხარისხს ასახელებენ.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს ხუთი მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში ჯამში დაახლოებით 600 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის. მათ გარდა არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში ასევე 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0