საკანონმდებლო ორგანომ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია
© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
© Courtesy of Parliament of Georgia
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის ყველა კომიტეტს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტმა 16 პროფილური კომიტეტის თავმჯდომარეები დაამტკიცა.
პირველ სხდომაზე რეგისტრაცია 150 დეპუტატიდან 88 დეპუტატმა გაიარა. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ოპოზიცია არ ესწრება. ისინი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ და მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას - მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
ყველა კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრებისგან შეირჩა.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს საპარლამენტო უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ:
1.
აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარაული2.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი- რატი იონათამიშვილი3.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი - გივი მიქანაძე4.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი - მაია ბითაძე5.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - შოთა ბერეკაშვილი6.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი - ირაკლი ზარქუა7.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი - ლევან მახაშვილი8.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი- ალექსანდრე ტაბატაძე9.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - გიორგი კახიანი10.
კულტურის კომიტეტი - გიორგი გაბუნია11.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი- ირაკლი ქადაგიშვილი12.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე13.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი - დავით მათიკაშვილი14.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი - პაატა კვიჟინაძე15.
სპორტის კომიტეტი - ვიქტორ სანიკიძე16.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი - ზაზა ლომინაძე.პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარე უწევს. კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება პარლამენტის არანაკლებ 10 წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ შვიდი წევრი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე. პარლამენტის წევრი ვალდებულია, იყოს არანაკლებ ერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ამასთანავე, არ შეიძლება, იყოს გაწევრებული ორზე მეტ კომიტეტში.
როგორც უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გიორგი კახიანი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ორი კვირის შემდეგ ამ პოსტს არჩილ გორდულაძე დაიკავებს, რომელიც პარლამენტში შემოვა, ხოლო გიორგი კახიანი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე იქნება არჩეული.
მანამდე საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის კანდიდატურა დაამტკიცა. აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დღევანდელ სხოდმაზე აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებიც.
პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი იქნება. ასევე, ვიცე-სპიკერები იქნებიან ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი - გია ვოლსკის და ნინო წილოსანს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი მეათე მოწვევის პარლამენტშიც ეკავათ.
ახალ პარლამენტში მუშაობაზე ოპოზიციის უარის მიუხედავად, დღევანდელ სხდომაზე 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნეს.
რაც შეეხება მანდატზე უარის თქმას, კანონის მიხედვით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს პარლამენტს. დაკმაყოფილდეს თუ არა განცხადება, ამას პარლამენტი წყვეტს.