რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2024
გამოწერა
კვირას შსს-მ განცხადება გაავრცელა და დაგეგმილი აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები გააფრთხილა, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები გუშინ საღამოს შეიკრიბნენ და ამ დრომდე რჩებიან. აქციის მონაწილეები ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ და მე-11 მოწვევის პარლამენტის შეკრებას აპროტესტებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაადგილება შეიზღუდა კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც.
მერიის ინფორმაციით, თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ პანდუსამდე, ხოლო რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე. მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით; ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება და ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩიდან, მაჩაბლის ქუჩის გავლით.
პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრას მძღოლები სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით, შემდგომ კი, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა, დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების საშუალებით.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ.
გარდა ამისა, შეზღუდვის პერიოდში შეიცვლება აღნიშნულ ტერიტორიებზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც რუსთაველის გამზირიდან მოძრაობდა ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, ამჯერად ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას, შემდეგ კი მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. გორგასლის ქუჩიდან და ავლაბრის მოედნიდან მოძრავი ავტობუსები მგზავრთა მომსახურებას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ, ხოლო უკუმიმართულებით მოძრაობისას, თავდაპირველად, მოუხვევენ პუშკინის ქუჩის დასაწყისში, შემდეგ კი გადაადგილდებიან დადგენილი სქემით.
მერიის ცნობით, ავტობუსები N301, N309, N310, N337 და N345 ბარათაშვილის ხიდიდან მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით გადაინაცვლებენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზისკენ, შემდეგ კი მგზავრთა მომსახურებას დადგენილი სქემით განახორციელებენ. აღნიშნული ავტობუსები უკუმიმართულებით მოძრაობისას, ისარგებლებენ იმავე გზასავალით, ხოლო პუშკინის ქუჩის დასაწყისთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილდებიან დადგენილი სქემით; N359 მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით იმოძრავებს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზისკენ და შემდეგ უკვე დადგენილი სქემით.
თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე მოძრავი ტრანსპორტი გაჩერდება ამაღლების ქუჩის N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მისამართიდან მოემსახურება.
პარლამენტში შესული ოთხივე ოპოზიციური ძალის ლიდერები მე-11 მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ისინი მოითხოვენ კენჭისყრის შედეგების გაუქმებას, აღნიშნული საკითხის საერთაშორისო გამოძიებას და ახალი არჩევნების ჩატარებას.
დღეს, პარლამენტის პირველი სხდომა ტარდება, რომელზეც ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა იგეგმება. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აბსურდული უწოდა მტკიცებას, რომ ვიდრე არ გახდება ცნობილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას ვერ მოიპოვებს.
რაც შეეხება აქციას, ღამით პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და პოლიციას შორის რამდენიმე ინციდენტი - ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის დროს დააკავეს ერთი პირი, რომელმაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელს ხელი დაარტყა.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული - პარლამენტის ყველა შესასვლელს პოლიცია იცავს. სამართალდამცველებმა ჭიჭინაძის ქუჩა გაათავისუფლეს და ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე განლაგდნენ.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ყველა ახალი ამბავი
0