პრეზიდენტის არჩევნები 45 დღის განმავლობაში ჩატარდება

© President of Georgiaპრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე
პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2024
გამოწერა
ამიერიდან პრეზიდენტს არა მოსახლეობა, არამედ საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მზად არის ადმინისტრირება გაუწიოს საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 45 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევენ არა საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
„ჩვენ სრულ მზაობას ვაცხადებთ, რომ უზრუნველვყოთ, როგორც სამართლებრივი კუთხით, ასევე პროცედურულად მისი ადმინისტრირება. დაველოდებით პარლამენტის გადაწყვეტილებას", - განაცხადა კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ამიერიდან პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
„არის მთელი რიგი საკანონმდებლო მოცემულობები, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოლეგიის დაკომპლექტებას და მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის როლს მის ტექნიკურ ადმინისტრირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ტარდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ოქტომბერში, მაგრამ თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების თვეს ან წინა თვეს, მაშინ პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის ვადაში.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა, პირველი სხდომა კი 25 ნოემბერს გაიმართა.
ოპოზიციონერებმა, მათმა მხარდამჭერმა საქართველოს პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების ტოტალურად გაყალბების შესახებ განაცხადეს და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვეს. მათ ასევე მოითხოვეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების და ახალი არჩევნების ჩატარება.
24 ნოემბრის საღამოდა პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ამომრჩეველთა ხმების მოპარვაში ადანაშაულებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ განაცხადა, არ აპირებს „არალეგიტიმურ პარლამენტში“ მუშაობას, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შესახებ ოფიციალური განცხადებებით საკანონმდებლო ორგანოსთვის ჯერ არ მიუმართავს.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ყველა ახალი ამბავი
0