პარლამენტთან აქცია გრძელდება - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და წყლის ჭავლის მანქანები

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2024
გამოწერა
ღამით პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და პოლიციას შორის რამდენიმე ინციდენტი - ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც გუშინ, საღამოს შეიკრიბნენ, ამ დრომდე რჩებიან, რათა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუშალონ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაში.
პარლამენტში შესული ოთხივე ოპოზიციური ძალის ლიდერები მე-11 მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ისინი მოითხოვენ კენჭისყრის შედეგების გაუქმებას, აღნიშნული საკითხის საერთაშორისო გამოძიებას და ახალი არჩევნების ჩატარებას.
ორშაბათს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, რომელზეც ახალარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა იგეგმება. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აბსურდული უწოდა მტკიცებას, რომ ვიდრე არ გახდება ცნობილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას ვერ მოიპოვებს.
რაც შეეხება აქციას, ღამით პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და პოლიციას შორის რამდენიმე ინციდენტი - ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის დროს დააკავეს ერთი პირი, რომელმაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელს ხელი დაარტყა.
ამ დროისთვის პარლამენტის წინ მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციონერები იმედს გამოთქვამენ, რომ სხდომის დაწყებამდე რუსთაველის გამზირზე მათი მხარდამჭერების რაოდენობა გაიზრდება.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული - პარლამენტის ყველა შესასვლელს პოლიცია იცავს. სამართალდამცველებმა ჭიჭინაძის ქუჩა გაათავისუფლეს და ზუბალაშვილისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე განლაგდნენ.
კვირას შსს-მ განცხადება გაავრცელა და დაგეგმილი აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები გააფრთხილა, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან - წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.
ჟურნალისტებმა პარლამენტში შესვლა უკვე შეძლეს. მათი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე დეპუტატი უკვე შენობაში იმყოფებიან. უცნობია გეგმავენ თუ არა ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში შესვლას. ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ახლადარჩეული ოპოზიციონერი დეპუტატები მანდატებზე უარის თქმა აპირებენ.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ყველა ახალი ამბავი
0