საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2024
გამოწერა
ახალი მოწვევისწ პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდება
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ახალი მოწვევის უხუცესი დეპუტატი ვლადიმერ კახაძე გახსნის.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის პირველ სხდომას იწვევს და ხსნის ქვეყნის პრეზიდენტი. თუმცა, საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომა არ დანიშნა, ამის ნაცვლად მან 19 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ზურაბიშვილი, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
ახალარჩეული პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში პირველი საკითხი არის პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილების ცნობა. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარესა და ვიცე-სპიკერებს, ასევე მოხდება კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა.
მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა. 150-კაციან საკანონმდებლო ორგანოში „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს. დანარჩენი ადგილები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის გადანაწილდა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ახალი მოწვევისწ პარლამენტის პირველი სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდება.
საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების დამატებითი ზომები გატარდა, მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - შენობაში შესვლა და მოვლენების საკანონმდებლო ორგანოდან გაშუქება მხოლოდ აკრედიტებულ ტელეარხებს შეუძლიათ.
ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია გუშინ, 22:00 საათისთვის დაიკავეს. მათ ტერიტორიაზე კარვები გაშალეს, ღამე გაათენეს, რათა დილით ხელი შეუშალონ მმართველ პარტიას ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაში.
კვირას შსს-მ განცხადება გაავრცელა და დაგეგმილი აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები გააფრთხილა, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან - წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.
უწყების ცნობით, კანონით აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
ამ დროისთვის საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული - პარლამენტის ყველა შესასვლელს პოლიცია იცავს.
ყველა ახალი ამბავი
0