კალაძე: ვუსურვებ ახლადარჩეულ პარლამენტს სრულად გაამართლოს ამომრჩევლის ნდობა

© courtesy of Georgian Dreamკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2024
გამოწერა
მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომას ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ დასწრებიან.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრება, რომელიც არის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულების და სწორედ ჩვენი მოსახლეობის არჩევანის შედეგი, დაწერა სოციალურ ქსელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
დღეს საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ დასწრებიან. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ და მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას - მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
„ვუსურვებ ახლადარჩეულ პარლამენტს, სრულად გაამართლოს ამომრჩევლის ნდობა, ხალხის მხარდაჭერა და დაიცვას ის მონაპოვარი, რასაც მივაღწიეთ „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში - ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკა, მშვიდობიანი განვითარების კურსი, სვლა ევროპისკენ. წარმატებები საქართველოს!" ,- დაწერა კალაძემ.
დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის კანდიდატურა დაამტკიცა. აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. დღეს ასევე აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებიც.
ახალ პარლამენტში მუშაობაზე ოპოზიციის უარის მიუხედავად, დღევანდელ სხდომაზე 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნეს.
რაც შეეხება მანდატზე უარის თქმას, კანონის მიხედვით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს პარლამენტს. დაკმაყოფილდეს თუ არა განცხადება, ამას პარლამენტი წყვეტს.
ყველა ახალი ამბავი
0