ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - პრეზიდენტი შსს-ის განცხადებაზე

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2024
გამოწერა
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ატარებენ.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, ეს რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების პასუხად.
დღეს, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახლადარჩეული პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილი აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები გააფრთხილა, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან - წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.
უწყების ცნობით, კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
„ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო… ესეც კიდევ ერთი და კონსტიტუციის მთავარი პრინციპის - მანიფესტაციის და შეკრების უფლების - დარღვევაა! რა მნიშვნელობაა კანონით თუ დადგენილებით ზღუდავენ ამ უფლებას! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია“, - დაწერა პრეზიდენტმა.
25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომაზე იქნება განხილული ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილებების აღიარების საკითხი და აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და კომიტეტების თავმჯდომარეებს.
ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ატარებენ. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები 24 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლებენ და ღამეს გაათევენ, რათა დილით ხელი შეუშალონ მმართველ პარტიას ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არჩევნები ტოტალური გაყალბება მოხდა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
12 ნოემბერს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგები გამართეს და განაცხადეს, რომ უარს ამბობენ დეპუტატის მანდატებზე და ცესკოსგან მოითხოვეს მათი პარტიული სიების გაუქმება, რომელშიც შედიან როგორც არჩეული დეპუტატები, ისე პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატები. პარტიები „ხსნიან“ სიებს იმის გამო, რომ არჩეული დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში მათი ადგილები პარტიული სიიდან მომდევნო წევრმა არ დაიკავოს.
ამის პასუხად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეუძლებელი უწოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული ოპოზიციონერების მოთხოვნის დაკმაყოფილებას - ოპოზიციონერები მოითხოვენ არ დაიწყოს მათი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის პროცედურა.
როგორც ცესკომ განმარტა, შესაძლებელია პარტიული სიის მხოლოდ იმ ნაწილის გაუქმება, სადაც პარლამენტში არშესული კანდიდატები დარჩნენ, ისიც მხოლოდ ახალი პარლამენტის შეკრების და ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. ასევე, ამ პროცედურის შემდეგ შესაძლებელია სიიდან საკუთარი კანდიდატურის ინდივიდუალური წესით ამოღება.
რაც შეეხება მანდატზე უარის თქმას, კანონის მიხედვით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს პარლამენტს. დაკმაყოფილდეს თუ არა განცხადება, ამას პარლამენტი წყვეტს, განმარტა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
ყველა ახალი ამბავი
0