ომბუდსმენი 24 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© courtesy of Levan Ioselianiლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2024
გამოწერა
სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, სამართალდამცველებს კი - იმოქმედონ კანონის შესაბამისად.
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ატარებენ. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები 24 ნოემბერს 21:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლებენ და ღამეს გაათევენ, რათა დილით ხელი შეუშალონ მმართველ პარტიას ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაში.
ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში იმართება. აქციის მონაწილეებმა ლეონიძის ქუჩა გადაკეტეს - მარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება.
გარდა ამისა, დაგეგმილია მთელ ქალაქში ავტომსვლელობა, რომელიც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს, სამართალდამცველებს კი - იმოქმედონ კანონის შესაბამისად.
„სამართალდამცავი ორგანოები უფლებამოსილების განხორციელებისას არ უნდა გასცდნენ კანონმდებლობის ფარგლებს, არ გამოიყენონ ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ უნდა შეუშალონ ხელი აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც იოსელიანი აღნიშნავს, სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს და ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს გაფრთხილება.
ამასთან, პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.
„მნიშვნელოვანია შეკრებების დროს ჟურნალისტებს არ შეეშალოთ ხელი საქმიანობაში და უზრუნველყოფილი იყოს მათი უსაფრთხოება", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის რწმუნებულები უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ აქციების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენენ შესაბამის რეაგირება.
დღეს, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ახლადარჩეული პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილი აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები გააფრთხილა, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან - წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.
უწყების ცნობით, კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
აღნიშნული დანაშაული ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი - ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არჩევნები ტოტალური გაყალბება მოხდა.
ყველა ახალი ამბავი
0