საეკლესიო კალენდარი: 24 ნოემბერი

CC BY-SA 2.0 / Silber_Mel / The Sighnaghi church of Saint Stephenსიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია
სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ნოემბერს დიდმოწამე მინას, მოწამეთა ბიქტორის და სტეფანიადას, ბიკენტის, ღირსი თეოდორეს და მოწამე სტეფანე დეჩანელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
დიდმოწამე მინა
წმიდა დიდმოწამე მინა ეგვიპტელი იყო. იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობის ჟამს იგი მხედრად მსახურობდა ქალაქ კოტუანში. როცა თანამმართველებმა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყეს, წმიდანმა არ ისურვა მტარვალების ხელქვეითად ყოფნა, დატოვა სამსახური, მთებს მიაშურა და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს მიეცა. ერთხელ, ერთ-ერთი წარმართული დღესასწაულის დროს, მინა კვლავ ჩავიდა კოტუანში და საზეიმო სანახაობების საყურებლად შემოკრებილი ქალაქის მცხოვრებლების წინაშე იქადაგა ქრისტე მაცხოვრის სარწმუნოება. უფლის რჩეული შეიპყრეს და მმართველ პიროსის სამსჯავროზე წარადგინეს. მტარვალმა ვერ დაითანხმა წმიდანი ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რის შემდეგაც იგი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი მახვილით განგმირეს (+304).
მოწამენი ბიქტორი და სტეფანიდა
წმიდა მოწამე ბიქტორი მხედრად მსახურობდა მარკუს ავრელიუსის, ფილოსოფოსის (161-180) მეფობისას. როცა იმპერატორმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ბიქტორმა უარი განაცხადა ცრუ ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. ურჩობისთვის წმიდანი საწამებლად გადასცეს: იგი ჯერ გახურებულ ღუმელში გამოკეტეს, შემდეგ - ადუღებულ ზეთში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ლოცვის ძალით ნეტარმა დაამარცხა ჯადოქარი, რომელმაც ამის შემდეგ მისნობაზე ხელი აიღო და გაქრისტიანდა. უფლის რჩეულის ლოცვით დაბრმავებულ მეომრებს თვალები აეხილათ. წმიდა ბიქტორის მეოხებით უფლის მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილა, ერთ-ერთი ჯალათის მეუღლემ, სტეფანიდამ ირწმუნა და დაუფარავად აღიარა ქრისტე. უსჯულოებმა იგი ორ გადაზნექილ პალმაზე მიაბეს და როცა ხეები გაიმართა, მარტვილი ნაფლეთებად იქცა. წმიდა ბიქტორს თავი მოჰკვეთეს. ერთი ცნობით, მოწამენი დამასკოში აღესრულნენ II საუკუნეში და იქვე დაკრძალეს, სხვა წყაროებით კი - ქალაქ ალექსანდრიაში.
ატენის სიონი - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2024
საეკლესიო კალენდარი: 23 ნოემბერი
წმიდა მოწამე ბიკენტი
წმიდა მოწამე ბიკენტი ბავშვობიდანვე ქალაქ ავგუსტოპოლის (დღევანდელი სარაგოსა, ესპანეთი) ეპისკოპოსის, ნეტარი ვალერის მოწაფე იყო. როცა კეთილმსახურმა, განათლებულმა და მჭევრმეტყველმა ბიკენტიმ სრულწლოვანებას მიაღწია, მღვდელმთავარმა იგი დიაკვნად აკურთხა. იმ ხანებში უღმრთო დიოკლეტიანეს (284-305) ბრძანებით ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში ქრისტიანთა დასასჯელად ჩავიდა მმართველი დაციანე. წმიდანები შეიპყრეს და ხანგრძლივი ტანჯვისა და წამების შემდეგ საჯარო დაკითხვა მოუწყვეს. დაკითხვაზე პირველად ეპისკოპოსი წარადგინეს. მეუფე ჩუმად, ენის ბორძიკით, თითქოს გაუბედავად ლაპარაკობდა. მაშინ წინ წარდგა წმიდა ბიკენტი და მსაჯულებისა და შემოკრებილი ხალხის წინაშე წარმოთქვა საუკეთესო ქადაგება, რომლითაც საჯაროდ აღიარა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. მტარვალმა მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააბრუნა და დიაკვნის წამება ბრძანა. შემდეგ კი ნეტარი მოწამე ცეცხლში დაწვეს (+304).
ღირსი თეოდორე სტუდიელი, აღმსარებელი
ღირსი თეოდორე სტუდიელი 785 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახური ქრისტიანების: სამეფო ხარკის ამკრეფის, ფოტინისა და მისი მეუღლის, თეოქტისტას ოჯახში. მან სერიოზული განათლება მიიღო დედაქალაქის საუკეთესო რიტორებთან, ფილოსოფოსებთან და ღვთისმეტყველებთან.
ამ დროს იმპერიაში ფართოდ გავრცელდა ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელსაც უსჯულო იმპერატორი კონსტანტინე კოპრონიმიც (741-775) თანაუგრძნობდა. ხატმბრძოლი თვითმპყრობელისა და მისი კარის შეხედულებები გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლობის ერთგული დამცველის, ფოტინის რელიგიურ გრძნობებს, რის გამოც მან სახელმწიფო სამსახური დატოვა. ამის შემდეგ წმიდა თეოდორეს მშობლებმა ურთიერთშეთანხმებით თავიანთი მამული გლახაკებს დაუნაწილეს და მონაზვნებად შედგნენ.
ხატმბრძოლობა საბოლოოდ ამხილა და დაგმო VII მსოფლიო კრებამ, რომელიც კეთილმსახური დედოფლის, ირინეს ინიციატივითა და მფარველობით იქნა მოწვეული 787 წელს.
კრების დამთავრების შემდეგ მან წმიდა თეოდორესა და მის ძმებს - იოსებსა და ექვთიმეს უდაბნოში მონაზვნური მოღვაწეობისკენ მოუწოდა. ძმებმა დატოვეს კონსტანტინოპოლი, ოლიმპოს მახლობლად დამკვიდრდნენ და წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია ააგეს.
რამდენიმე წლის ბერული ცხოვრების შემდეგ ღირსი თეოდორე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. მოგვიანებით საძმომ ის იღუმენად აირჩია.
იმ ხანებში ლეონ VII-ის (775-780) ძემ, ოცი წლის კონსტანტინემ დედა - კეთილმსახური ირინე (797-802), რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ფაქტიურად განაგებდა ქვეყანას, მმართველობას ჩამოაცილა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა.
ახალგაზრდა იმპერატორმა კანონიერი მეუღლე ძალით აღკვეცა მონაზვნად და მის ნაცვლად ხორციელი ნათესავი შეირთო. მალე მეფის მაგალითს სხვა დიდგვაროვნებმაც მიბაძეს. ეს რომ შეიტყო, ღირსმა თეოდორემ მონასტერში დაგზავნა ეპისტოლეები, რომლებშიც იმპერატორი კონსტანტინე VI (780-797) ქრისტიანული ქორწინების შესახებ საღვთო დადგენილებების უგულებელყოფისთვის ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადა. უსჯულო თვითმპყრობელმა
სასტიკად ნაწამები თეოდორე თავის ათ თანამოსაგრესთან ერთად ქალაქ თესალონიკში გადაასახლეს, მაგრამ არც იქ დადუმებულა ღირსი მამის მამხილებელი ხმა. დედოფალმა ირინემ, მას შემდეგ, რაც სამეფო ტახტი დაიბრუნა, ნეტარი თეოდორე საპყრობილიდან გაათავისუფლა და კოპრონიმის დროს დაცარიელებული სტუდიონის მონასტერი გადასცა.
მან მრავალი ეპისტოლე დაწერა ხატმბრძოლთა წინააღმდეგ, ქმნიდა კანონებს, სამსაგალობლებს, დოგმატურ თხზულებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი კრებული „ფილოკალია“ („სიკეთისმოყვარება“).
ღირსმა თეოდორემ სული უფალს შეჰვედრა (+826).
წმიდა მოწამე სტეფანე დეჩანელი
წმიდა სტეფანე დეჩანელი სერბეთის ეკლესიიდან ამაღლდა ცათა სასუფეველში. ის დაახლოებით 1336 წელს მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
ყველა ახალი ამბავი
0