პრეზიდენტობის კანდიდატების საკითხი აქტიურად განიხილება - მდინარაძე

© photo: Sputnik / Stringerმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.11.2024
გამოწერა
მმართველი პარტია ცდილობს აწონდაწონილი გადაწყვეტილების მიღებას, რათა თავიდან აიცილოს წარსულის შეცდომები, აღნიშნავენ „ოცნებაში“
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აქტიურად განიხილავს პრეზიდენტობის კანდიდატის არჩევის საკითხს, განაცხადა პოლიტიკური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. მომდევნო პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
„ჩვენ, გუნდის შიგნით, მართლაც ბევრი კანდიდატის შესახებ უკვე გვიმსჯელია. ჩვენ შეიძლება, უფრო ადრე გავახმოვანოთ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, მმართველი გუნდი შეეცდება სერიოზული ხარვეზი აღმოფხვრას - პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დაასახელოს, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს.
საქართველოს ორი წინა პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი, მმართველი ძალის პროტეჟეები, მმართველობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ წავიდნენ და ფაქტობრივად ოპოზიციაში გადავიდნენ.
პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე, 40 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრისა.
საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.
არჩევნების პირველი ან მეორე ტური ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ ვერ შეძლო საქართველოს პრეზიდენტის არჩევა, 30 დღის ვადაში ტარდება საქართველოს პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები.
საქართველოს პრეზიდენტს არა აქვს უფლება დაიკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, მიიღოს ხელფასი ან სხვა მუდმივი ანაზღაურება სხვა რომელიმე საქმიანობისთვის. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.
ყველა ახალი ამბავი
0