მოსახლეობის საყოველთაო აღწერა: თვითრეგისტრაციის პროცესი გაგრძელდა

© photo: Sputnik / Stringerგამვლელები ქუჩაში
გამვლელები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2024
გამოწერა
მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საყოველთაო აღწერა, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, საქართველოში 14 ნოემბერს დაიწყო და 19 დეკემბრამდე გაგრძელდება
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეოს აღწერის ფარგლებში, თვითრეგისტრაციის პროცესი სპეციალურ ვებგვერდზე 28 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ნათქვამია „საქსტატის“ განცხადებაში.
შესაბამისად, თვითრეგისტრაციის პლატფორმა 23 ნოემბრის ნაცვლად, 28 ნოემბერს დაიხურება.
მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო საყოველთაო აღწერა, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება, საქართველოში 14 ნოემბერს დაიწყო და 19 დეკემბრამდე გაგრძელდება. აღწერის პირველი ეტაპი 23 ნოემბრამდე უნდა დასრულებულიყო.
„თვითრეგისტრაციის ვადის გახანგრძლივების მიზეზი მოსახლეობის მხრიდან მაღალი აქტივობა და მოთხოვნაა. მათივე ცნობით, თვითრეგისტრაციის მეთოდით უკვე ისარგებლა ათეულობით ათასმა მოქალაქემ, პროცესი აქტიურად მიმდინარეობს ეხლაც და მათი რაოდენობა მზარდია, ამიტომ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „საქსტატმა“ მიიღო გადაწყვეტილება, აღწერის ფარგლებში თვითრეგისტრაციის პროცესი კიდევ ხუთ დღით - 28 ნოემბრის ჩათვლით გააგრძელოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
14-დან 28 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე და იქ არსებული კითხვარის შევსება. კითხვარის შევსება შესაძლებელია როგორც მობილური ტელეფონიდან, ისე კომპიუტერიდან და პლანშეტიდან.
მეორე ეტაპზე, რომელიც 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მონაცემებს ინტერვიუერები „კარდაკარის“ პრინციპით შეაგროვებენ. მთლიანობაში, ქვეყნის მოსახლეობას 12 ათასი პირი აღრიცხავს. ვინც ელექტრონულ აღწერაში მიიღებს მონაწილეობას, სპეციალური კოდის წარდგენა შეუძლია, რაც მისცემს შესაძლებლობას, ინტერვიუში მონაწილეობა არ მიიღოს.
კითხვარი მოიცავს: სახელი და გვარი, მისამართი, ასაკი, სქესი, ოჯახის წევრები, მოქალაქეობა და ეროვნება, აღმსარებლობა, განათლება, ენების ცოდნა, ქორწინება და შვილების ყოლა, შიდა მიგრაცია, იმიგრაცია, დასაქმება და ეკონომიკური აქტივობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა.
გარდა ამისა, კითხვარი მოიცავს ინფორმაციას ოჯახის შესახებ, მათ შორის მის შემადგენლობას, საცხოვრებელ ადგილს, სახლის აშენების წელს, ფართობსა და ოთახების რაოდენობას, ბინის ან სახლის კეთილმოწყობას - ელექტროენერგიის, გაზის, წყლის ხელმისაწვდომობას, ქონების საკუთრების ფორმას.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის გარდა, სასოფლო-სამეურნეო აღწერაც გაიმართება. კითხვებს შორისაა მიწის ფართობი და მისი საკუთრების და გამოყენების ფორმა, სახნავი მიწის სტრუქტურა, მრავალწლიანი ნარგავების რაოდენობა, ვაზის სახეობები და ბუჩქების რაოდენობა, პირუტყვის და ფრინველების სულადობა და ფუტკრის სკების რაოდენობა.
მისი თქმით, აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში გახდება ცნობილი, საბოლოო შედეგები კი - 2026 წლის ივნისში.
ყველა ახალი ამბავი
0