ბრიუსელში გაგზავნილმა წერილმა ოპოზიციის რეალური მიზნები წარმოაჩინა - „ოცნების“ დეპუტატები

© Courtesy of Maka Botchorishviliმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2024
გამოწერა
ოპოზიციურ პარტიებს საქართველოსთვის დიდი ზიანის მიყენება სურთ, მიიჩნევს „ქართული ოცნება“.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ბრიუსელს მიმართეს წერილით კონკრეტული მოთხოვნებით, თავისი არსით ერთი ჯგუფია, რომელსაც ერთი მიზანი გააჩნია ქვეყნის წინააღმდეგ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ არ ცნეს 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები, ევროკავშირის მთავარ დიპლომატს, ჟოზეპ ბორელს და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს გაუგზავნეს წერილი თხოვნით, რათა საქართველოს ხელისუფლებას გააგებინონ, რომ ახალ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია, სანამ საპარლამენტო არჩევნები არ იქნება აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ თავისუფლად და სამართლიანად.
„ფაქტი არის ის, რომ ეს არის ერთი და იგივე ჯგუფი, ერთი და იგივე მიზნებითა და მეთოდებით, რაც ამოძრავებთ მათ ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იყო გაცხადებული იმ წერილში, რომელიც მათ აფრინეს ბრიუსელში და რომელშიც კარგად ჩამოაყალიბეს, რა სურთ მათ საკუთარი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამ წერილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს ადამიანები თავის ქვეყანაზე კი არ ზრუნავენ, არამედ პირიქით ცდილობენ, რომ დიდი ზიანი მიაყენონ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
„წერილში ეს ყველაფერი აღიარებასავითაა და უნდა წავიკითხოთ, როგორც გამჟღავნება იმ ბოროტი გეგმისა, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
გაერთიანებების - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“ და პარტია „საქართველოსთვის“ - ლიდერებმა მოუწოდეს ევროკავშირს მკაფიო განცხადების გაკეთებისკენ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ევროკავშირში შეჩერებულია გამართული არჩევნების გამო, ასევე მათ მოითხოვეს ევროკავშირის წარმომადგენლებს შეაჩერონ ევროკავშირის ყველა ოფიციალური კომუნიკაცია მოქმედ ხელისუფლებასთან.
კერძოდ, ქართველმა ოპოზიციონერებმა შესთავაზეს ევროკავშირს გააუქმოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს დაგეგმილი შეხვედრები, შეაჩეროს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და გაყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ დათანხმდება გასული არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას.
მათი აზრით, არჩევნების ყოვლისმომცველი საერთაშორისო შეფასება უნდა ჩაატაროს ევროკავშირის არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ (EFM) ეუთო/ოდირ-თან კოორდინაციით.
ოპოზიციონერებმა მოუწოდეს ევროკავშირს შეაჩეროს საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარება (წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ევრო) გამოძიების შედეგების გამოქვეყნებამდე.
იმავდროულად, ხელისუფლების ოპონენტებმა შესთავაზეს ევროკავშირს, გადაამისამართოს ფინანსური დახმარება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, შექმნას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმი, შეიქმნას საგანგებო ფონდი იმ დამოუკიდებელი მედიებისთვის, რომლებიც ზეწოლას განიცდიან და მხარი დაუჭიროს პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიულ მდგრადობასა და არჩევნების სამართლიანობას.
წერილში ოპოზიცია თავის მთავარ მოთხოვნას ასახელებს - 2025 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს, პოლიტიკურად დაბალანსებული საარჩევნო ადმინისტრაციისა და პოლიტიკურად ნეიტრალური სამთავრობო ინსტიტუტების პირობებში.
არჩევნები 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. პროტესტის ნიშნად ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.
პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრონციპი, მეორე - ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების წყალობით არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს „კარუსელები“.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩეველი ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდა.
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.
ყველა ახალი ამბავი
0