საია: სასამართლო გადაწყვეტილებამდე პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2024
გამოწერა
პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში.
19 ნოემბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დასკვნითი ოქმები ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის გამო, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.
„საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში", - ნათქვამია განცხადებაში.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
საიამ დეტალურად განმარტა ყველა პროცედურა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს არჩეულმა პარლამენტმა მუშაობა დაიწყოს.
„ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება სულ მცირე 76 დეპუტატი. სხდომის გახსნის შემდეგ პარლამენტში იქმნება დროებითი სამანდატო კომისია. მას ცესკოს თავმჯდომარე პირველივე სხდომაზე გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულმა კომისიამ უნდა შეისწავლოს ეს დოკუმენტები და შედეგები ასახოს დადგენილების პროექტში. დადგენილებაში უნდა აისახოს არჩეული დეპუტატების სახელები და გვარები.
„აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც საიამ აღნიშნა, ცესკოს მიერ საარჩევნო შედეგების საბოლოო შეჯამების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით და მოითხოვა არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა.
„შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150 წევრის არჩევის კანონიერება. დროებითმა სამანდატო კომისიამ არ უნდა შეიყვანოს არც ერთი არჩეული წევრის სახელი და გვარი შესაბამის დადგენილებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ შეძლებს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, რაც გამოიწვევს პარლამენტის პირველი სხდომის შეწყვეტას.
„როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, ცესკოს თავმჯდომარე ამ მოვლენის დადგომიდან 10 დღის განმავლობაში მოიწვევს პარლამენტის სხდომას", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ტოტალური გაყალბება მოხდა.
გაერთიანებებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", „კოალიცია ცვლილებისთვის" და „ძლიერმა საქართველომ" პირდაპირ განაცხადეს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, ხოლო პარტიამ „საქართველოსთვის" აირჩია თავშეკავებული ფორმულირება, რომ არ აპირებენ ასეთი პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებას.
12 ნოემბერს ოპოზიციურმა გაერთიანებებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ბრიფინგები გამართეს და განაცხადეს, რომ უარს ამბობენ დეპუტატის მანდატებზე და ცესკოსგან მოითხოვეს მათი პარტიული სიების გაუქმება, რომელშიც შედიან როგორც არჩეული დეპუტატები, ისე პარლამენტში დეპუტატობის კანდიდატები. პარტიები „ხსნიან“ სიებს იმის გამო, რომ არჩეული დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში მათი ადგილები პარტიული სიიდან მომდევნო წევრმა არ დაიკავოს.
ამის პასუხად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეუძლებელი უწოდა საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში შესული ოპოზიციონერების მოთხოვნის დაკმაყოფილებას - ოპოზიციონერები მოითხოვენ არ დაიწყოს მათი სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის პროცედურა.
როგორც ცესკომ განმარტა, შესაძლებელია პარტიული სიის მხოლოდ იმ ნაწილის გაუქმება, სადაც პარლამენტში არშესული კანდიდატები დარჩნენ, ისიც მხოლოდ ახალი პარლამენტის შეკრების და ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. ასევე, ამ პროცედურის შემდეგ შესაძლებელია სიიდან საკუთარი კანდიდატურის ინდივიდუალური წესით ამოღება.
რაც შეეხება მანდატზე უარის თქმას, კანონის მიხედვით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს პარლამენტს. დაკმაყოფილდეს თუ არა განცხადება, ამას პარლამენტი წყვეტს, განმარტა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით. კენჭისყრა 26 ოქტომბერს ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0