ვიცე-პრემიერი: „შუა დერეფანი" ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტია

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი კონფერენციაზე
ლევან დავითაშვილი კონფერენციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2024
გამოწერა
დავითაშვილის თქმით, საქართველო გაეროს მრავალი შეთანხმებისა და კონვენციის მონაწილეა, რაც ადასტურებს მის მიზანს - იყოს საერთაშორისო სატრანსპორტო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია „შუა დერეფნის" მდგრადობისა და საიმედოობის გაზრდა, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე.
„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
„საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორმა ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა - 2022 წელს 36%-იანი და 13%-იანი 2023 წელს. ასევე იზრდება ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო ნაკადები - გასულ წელს მათმა მოცულობამ 27 მლნ ტონას მიაღწია. იმავდროულად, ტრანსპორტის სექტორი რჩება სათბურის გაზების ემისიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონტრიბუტორად, რაც მიუთითებს შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობაზე სექტორის გამწვანების მიზნით“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა გამოყო ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს სარკინიგზო მიმოსვლის შემდგომ განვითარებას და „შუა დერეფნის" პოტენციალის გაზრდას. მან აქცენტი ორ ძირითად სარკინიგზო პროექტზე გააკეთა - რკინიგზის მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი.
„ორივე პროექტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ტრანსპორტის - სარკინიგზო გადაზიდვების კონკურენტუნარიანობას", - აღნიშნა დავითაშვილმა.
მისი თქმით, დასასრულს უახლოვდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი და შედეგად, შემცირდება საოპერაციო დანახარჯები, ხოლო სარკინიგზო მაგისტრალის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, წარმატებით გრძელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის 70% უკვე გახსნილია მოძრაობისთვის.
„ახალი გზები შენდება ევროპული საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამისა, ინერგება ე.წ. „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემები საგზაო ქსელის ეფექტურობის და მართვის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. სტრატეგიული მნიშვნელობისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი, რომლის გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე, მინიმუმ, 600 000 კონტეინერი (TEU) იქნება. პორტი უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მოწყობილობებით აღიჭურვება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ლევან დავითაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო გაეროს მრავალი შეთანხმებისა და კონვენციის მონაწილეა, რაც ადასტურებს მის მიზანს - იყოს საერთაშორისო სატრანსპორტო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში.
„შუა დერეფნის" როლი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
2023 წელს „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია. ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.
ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოქმედი შეთანხმებების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო როლს ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი უკავია. საქართველოს როლის გაძლიერებისთვის ხორციელდება აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის ნაწილის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აზიას და ევროპას აკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0