რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2024
გამოწერა
საზარელი შემთხვევა რუსთავში, 22 მაისს მოხდა.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რუსთავში, 22 მაისს, ბრალდებულმა მეუღლის და სიდედრის მიმართულებით, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, სანადირო თოფიდან არაერთხელ გაისროლა. შედეგად, მათ გულ-მკერდის არეში მძიმე დაზიანებები მიიღეს. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის 22 მაისამდე პერიოდში, ბრალდებული დაზარალებულ მეუღლეს, გენდერის ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, სისტემატურად ამცირებდა, აკონტროლებდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა მასზე.
სამართალდამცველებმა მამაკაცი 2024 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრი ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა) წარედგინა.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ყველა ახალი ამბავი
0