ოპოზიციის აქციაზე ჟურნალისტების შევიწროება - გამოძიება დაიწყო

© Sputnik / STRINGERსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2024
გამოწერა
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტ ტვ“-ის გადამღები ჯგუფებს მუშაობაში ხელი შეუშალეს. განსაკუთრებით დაზარალდნენ „იმედის" ჟურნალისტი და ოპერატორი, რომლებსაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტიური რეჟიმით ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას.
ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 140 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
უწყვეტი საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ვარაზიხევისა და კეკელიძის ქუჩების და მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირების კვეთაზე, 17 ნოემბრის საღამოს დაიწყო.
19 და 20 ნოემბერს, დილით, პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება ორჯერ - 19 და 20 ნოემბრის დილით აიძულა. 20 ნოემბერს აქციის მონაწილეთა რაოდენობა იმდენად შემცირდა, რომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს აქციის დროებით შეჩერება და შემდგომი მოქმედების გეგმის შემუშავება.
აქციის ორგანიზატორები არიან ოპოზიციური გაერთიანებები „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებისთვის", რომელთა ლიდერები მიხეილ სააკაშვილის პერიოდის ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.
აქციებში რიგითი მონაწილეების სახით მონაწილეობენ დანარჩენი ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები, რომლებიც ასევე შევიდნენ პარლამენტში - კოალიცია „ძლიერი საქართველო" და პარტია „საქართველოსთვის".
ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები შეეცადნენ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მეშვეობით მიეღოთ აღიარება საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევისა და საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა როგორც ცესკოსთვის, ისე სასამართლოებისთვის, გარდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსი, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.
მოსარჩელეების თქმით, ის, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად, არის ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევა.
სასამართლოებისთვის უფრო წონადი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
საქმე ორი ინსტანციის სასამართლოთი არ შემოფარგლულა. 19 ნოემბერს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დასკვნითი ოქმები ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის გამო, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბოლოო შედეგებზე, არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს.
გარდა ამისა, პარლამენტის 30-მა დეპუტატმა საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა მხოლოდ პროპორციული სისტემით (პარტიული სიებით) და ფართო მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ყველა ახალი ამბავი
0