ეროვნული ბანკი: ოქტომბერში ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2024
გამოწერა
გამოკითხვაში მონაწილეთა აზრით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში საქართველოში ინფლაციური მოლოდინები სამწლიან პერიოდზე შემცირდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის კვლევის ანგარიშში.
ანგარიშში წარმოდგენილია ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის შესახებ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის ოქტომბრის შედეგები.
„ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები დაკლებულია. ერთი მხრივ, სექტემბერთან შედარებით, მკვეთრად შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6-8%-ის ზრდის ფარგლებში ელოდებიან", - ნათქვამია ანგარიშში.
მარეგულირებლის ინფორმაციით, მეორე მხრივ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 2-4%-ისა და 4-6%-ის ფარგლებში ელოდებიან.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მონაწილეთა აზრით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია.
ერთი მხრივ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 4-6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 2-4%-ის ფარგლებში ელოდებიან.
გარდა ამისა, ოქტომბერში ხელფასის ზრდის მოლოდინი უფრო მაღალია, ვიდრე სექტემბერში. კერძოდ, გაიზარდა იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომლებიც ხელფასის 10-20%-ით ცვლილებას ელიან. ამასთან, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას კლების ინტერვალში, -10-0%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
გამოკითხულთა აზრით, ოქტომბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) სექტემბერთან შედარებით შემცირებულია.
ყველა ახალი ამბავი
0