დეპუტატი: ვიმედოვნებთ, რომ პარტნიორები მხარს არ დაუჭერენ ოპოზიციის „ბოლო გაფართხალებას“

© Maia Bitadzeმაია ბითაძე
მაია ბითაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2024
გამოწერა
ოპოზიციის ნაწილი საქართველოში არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს და საპროტესტო აქციებს მართავს
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციის ბოლო ქმედებებს არ ექნება აქტიური მხარდაჭერა უცხოელი პარტნიორებისგან, რადგანაც მათ იციან თუ რა რეალობაა ქვეყანაში, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მაია ბითაძემ.
ჭავჭავაძის გამზირზე ოპოზიციის აქცია, რომლის მონაწილეებიც საპარლამენტო არჩევნების აღიარებაზე უარს აცხადებენ, სამშაბათს დილით, პოლიციამ დაშალა. შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე 16 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათგან სამი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
„ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, როგორ მშვიდობიანად მოახდინა პოლიციამ დღეს ქალაქის პიკეტირების აღკვეთა. ამას აკვირდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ის ელჩები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილები, რომლებიც დესტრუქციული განცხადებებით გამოირჩევიან და არ ვიცი როდის აპატიებს ჩვენი მოსახლეობა მათ ამ ქმედებას", განაცხადა ბითაძემ.
ამასთან, დიპლომატების რეაქციები მეტყველებს იმაზე, რომ მათ ძალიან კარგად იციან თუ როგორ მშვიდობიანად და როგორ სრულფასოვნად ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები, ხოლო რისკენაც გვიბიძგებენ - ეს კიდევ მეორე საკითხია, დასძინა დეპუტატმა.
„უცხოელმა პარტნიორებმაც ძალიან კარგად იციან რეალობა რაც არის და იმედი მაქვს რადიკალების მხრიდან „ბოლო გაფართხალება“, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, არ იქნება აქტიურად მხარდაჭერილი", - განაცხადა ბითაძემ.
აამსთან, დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს.
„მათ ძალიან კარგად იციან „ქართული ოცნება“ რამდენს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ იმის პარალელურად, რომ ამ ქვეყანაში მშვიდობა უნდა შენარჩუნდეს და საქართველო ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არ უნდა იყოს გამოყენებული როგორც სათამაშო ბურთი რომელიმე სხვა დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშისთვის", - აღნიშნა დეპუტატმა.
ბითაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ სურს იმ სცენარის განმეორება, რაც უკრაინაში განხორციელდა და სადაც ახლა მოვლენების მაქსიმალური ესკალაცია ხდება.
პოლიტიკოსმა ასევე მოუწოდა ახალგაზრდებს და მათ მშობლებს, კარგად დაფიქრდნენ, თუ სად მდებარეობს საქართველო გეოგრაფიულად, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რის შენარჩუნებას ცდილობს „ქართული ოცნება".
„მე არაერთხელ მითქვამს, რომ „ქართული ოცნება“ შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ თავი ისე როგორ უნდა მოატყუებინო ვინმეს, რომ ეს პარტია არ არის ევროინტეგრაციის მომხრე, როდესაც სწორედ მისი დამსახურებაა ყველა სიკეთე, რაც ევროინტეგრაციის გზაზე გვაქვს მოპოვებული, კანდიდატის სტატუსის ჩათვლით“, - აღნიშნა ბითაძემ.
ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პროდასავლურ პოლიტიკურ კურსს გადაუხვია დიდიხანია აცხადებენ წამყვანი ოპოზიციური ძალები და ასევე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ მოხდა არჩევნების ტოტალური გაყალბება და მოითხოვეს ახალი არჩევნების ჩატარება.
ბარიერგადალახური ოპოზიციური პარტიები ახლადარჩეულ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე უარს ამბობენ. ისინი ქუჩაში აქციებს მართავენ და პერიოდულად აწყობენ შეხვედრებს ზურაბიშვილთან, რომელიც, თავის მხრივ, როგორც თავად აცხადებს, რეგულარულ კონტაქტზეა დასავლელ პოლიტიკოსებთან.
ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს სარჩელს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ფარულობისა და საყოველთაო საარჩევნო უფლების დარღვევის თაობაზე.
ამასთან, 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული.
არჩევნები 2024
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
ოპოზიცია უარს აცხადებს „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე და ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
ამასთან საარჩევნო უბნების ორ მესამედზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, მასობრივი გაყალბება მოხდა. პროტესტის ნიშნად ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აქციებს ყოველდღიურად ატარებენ.
პირველი, რაც ოპოზიციონერებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადეს, არის ის, რომ კენჭისყრის დროს მასობრივად დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრონციპი, მეორე - ვერიფიკაციის აპარატებით მაქინაციების წყალობით არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენეს „კარუსელები“.
პირველ ბრალდებას ის არგუმენტი ამყარებდა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს ჩანდა მარკერის კვალი, რომელიც გამოიყენებოდა სასურველი პარტიის წინ წრის გასაფერადებლად. უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ცესკოს არგუმენტები, რომ ამომრჩევლებისთვის გაცემული ჩარჩო-კონვერტი ბიულეტენთან ერთად უზრუნველყოფდა კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დაცვას.
ბოლო სასამართლო სხდომა, სადაც განიხილებოდა სარჩელები კენჭისყრის ფარულობის დარღვევის მიზეზით საოლქო საარჩევნო კომისიების ოქმების შედეგების გაუქმების თაობაზე, პარასკევს გაიმართა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
რაც შეეხება „კარუსელებს“, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ვერიფიკაციის აპარატებში ამომრჩეველთა სიები დუბლირებული იყო და ცალკეული ამომრჩეველი ხმას სხვისი დოკუმენტებით აძლევდა.
ოპოზიცია ითხოვდა ამომრჩეველთა კენჭისყრის მონაცემების გასაჯაროებას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის ჩატარება, თუმცა, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს.
ამ დროისთვის ვერიფიკაციის აპარატები დალუქულია პროკურატურის მიერ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეს იძიებს.
ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობების მონაცემების შესაბამისობაზე ჩატარებულმა აუდიტმა დაადასტურა ცესკოს სერვერებზე და უბნებზე გამოყენებულ ელექტრონულ მოწყობილობებზე განთავსებული სიების შესაბამისობა და ასევე გამორიცხა ფალსიფიკაციის მეთოდის, ე.წ. „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა, როდესაც ერთი ამომრჩეველი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აძლევს ხმას.
ყველა ახალი ამბავი
0