საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობა შემცირდა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2024
გამოწერა
საქართველოში მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის საქართველოში პატიმართა რაოდენობამ 10.457 ადამიანი შეადგინა, რაც 66 ადამიანით ნაკლებია 1-ელის სექტემბრის მაჩვენებელზე, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.
პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს პირველად 2024 წლის აპრილში გადააჭარბა. 1-ელი სექტემბრისთვის საქართველოს ციხეებში 10.523 პატიმარი იმყოფებოდა.
1-ელი ოქტომბრისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,28% შეადგინა. ამასთან, დაახლოებით 3,6 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.
მსჯავრდებულები - სტატისტიკა
1-ელი ოქტომბრისთვის საქართველოში არსებული 14 საპატიმრო 84,8%-ით იყო შევსებული. მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობიდან განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 18,2%.
პატიმართა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 49 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 67 პირი.
რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომლებიც განაჩენს ელოდებიან, 1-ელი აგვისტოსთვის მათი რიცხვი 1,9 ათასი იყო - ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 25 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 12 პირი.
რაც შეეხება ბრალდებულებს, რომელთა რაოდენობაც 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით დაახლოებით 1,9 ათასი იყო, ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, 24 არასრულწლოვანი და 70 წელს გადაცილებული 11 პირი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
საქართველოში მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის. ძირითადი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 226 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2024 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 53 ქვეყნის 1.076 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 10%-ს შეადგენს. ამასთან 344 პირი უკვე გასამართლებულია სხვადასხვა დანაშაულებისთვის.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, საქართველოს ციხეებში 100 ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთის და უკრაინის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, დაახლოებით 25,2 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,1 ათასზე მეტი ქალი და 137 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 522 უცხოელი 36 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0